weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ნამახვანის ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში აქცია გაიმართება

16:30 ორშაბათი, 22 ივნისი 2020

წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშნებლობის წინააღმდეგ 23 ივნისს, ქუთაისში, რუსთაველის ხიდზე აქცია გაიმართება.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ეკოლოგ მაკა ხეცურიანის განცხადებით, ჰესების კასკადის მშენებლობის პროცესი გარკვეული პერიოდი გაჩერებული იყო, თუმცა რამდენიმე დღეა განახლდა.

„ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება, სამეცნიერო წრეები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები, სამშაბათს, 11:00 ყველას ვიწვევთ, რომ ერთად გავაპროტესტოთ ზოგადად გიგანტური ჰესების და კონკრეტულად ნამახვანი ჰესის მშენებლობა. ნამახვანი ჰესის კაშხლის აშენების შემთხვევაში ყოფნა-არყოფნის წინაშე დგება ქუთაისი. კონკრეტული მოდელირებაა გაკეთებული და ზუსტად 19 წუთში ქუთაისს დაარტყავს დაახლოებით 30 მეტრზე მეტი ტალღა. საქართველო და ზოგადად კავკასია სეისმურად აქტიური ზონაა და ამიტომ, არავინ არის დაზღვეული ავარიებისგან. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას, მაგრამ ვიცით, რა შეიძლება მოჰყვეს ავარიას“, – აცხადებს მაკა ხეცურიანი ტელეკომპანია „რიონთან“.

ნამახვანის ჰესების კასკადის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, „მწვანე ალტერნატივამ“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდინარე წლის აპრილში მიმართეს. „მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, კომპანიამ შპს „ენკა რინიუებლზმა“, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობისათვის შესაძლო საფრთხის გამოვლენისათვის კანონითა და პროექტის სკოპინგის დასკვნით განსაზღვრული კვლევები არ ჩაატარა. მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაინც გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და ნებართვის მფლობელს გადაწყვეტილების შემდგომ დაავალა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო ინფორმაციის წარმოდგენა.

მოსარჩელეების შეფასებით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას უხეშად დაირღვა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი საჯარო განხილვის წესები და დაინტერესებულ საზოგადოებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეეზღუდა

პროექტის მიხდვით, ნამახვანის ორსაფეხურიანი ჰესების კასკადი შედგება ტვიში ჰესისგან 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესისგან 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ჰესების კასკადის სავარაუდო წლიური გამომუშავება 1496 გგვტ.სთ-ია. ის ექსპლუატაციაში 2023 წელს უნდა შევიდეს, საინვესტიციო ღირებულება კი 750 მლნ აშშ დოლარია.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, აქედან 14 ეკლესია, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა. სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანიჭალა, ასევე 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება, მთლიანად წყლით იფარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]