weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს

09:48 პარასკევი, 26 ივნისი 2020

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. როგორც „რეგინფოს“ სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

პირველ არხის ცნობით, ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ მათთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ დაკავებულია 17 პირი.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამ საქმის მოწმეები არიან, ისხდნენ ერთ-ერთ ავტომობილში. ისინი არ დაუკავებიათ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ სხვა პირები, 17 პირი დააკავეს ძალადობაზე“, – აცხადებს ადვოკატი პირველ არხთან.

მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება დაადასტურა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ. მისი თქმით, დაკავება დღეს, დილის 8 საათზე მოხდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წვეულებაზე იყო თავიდანვე, დაახლოებით 7 საათისთვის არის ჩასული. ის, როგორც კი სიტუაცია დაიძაბა, მალევეა წამოსული. შესაბამისად, როდესაც ეს უბედური შემთხვევა მოხდა, რეალურად ადგილზე არ იმყოფებოდა, იყო ლისის ტერიტორიაზე. ის დააკავეს დღეს, დილის 8 საათზე. სავარაუდოდ, მას ბრალს წარუდგენენ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. ეს არის ძალადობა“, – განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

17 პირის დაკავება ტელეკომპანია „ფორმულასთან“ დაადასტურა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ.

19 წლის ფეხბურთელის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილი 18 ივნისის ღამეს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მოგვინებით კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობა.

გარდაცვლილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახმა გადმოცემით იცის, რომ წვეულებაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გიორგი შაქარაშვილი და კიდევ სამი ახალგაზრდა მაგისტრალზე ტაქსის დასახვედრად წავიდნენ. აქედან ორს გიორგი შაქარაშვილი წვეულებამდე არ იცნობდა, ერთი კი მისი მეგობარი იყო.

„მათ რამდენიმე პირი წამოეწია მანქანებით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ესენი იყვნენ საშველად გამოძახებული ადამიანები იქ მყოფი ბავშვისგან, რომელიც კონფლიქტში მონაწილეობდა. გიორგის იმიტომ შეეშინდა, რომ მანქანებიდან გადმოვიდნენ პრები, რომლებმაც გიორგისთან და მის მეგობართან ერთად მყოფ ერთერთ ბიჭს დაუწყეს სიტყვიერი და სავარაუდოდ, ფიზიკური კონფლიქტი. გიორგის მხრიდან საფრთხის შეგრძნება იკვეთება. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ გიორგი გაქცეულიყო“, - განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ ორი დღის წინ მიცემულ ინტერვიუში.

პოლიცია თავდაპირველად საქმეს გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იძიებდა, ხოლო მას შემდგომ, რაც გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, კვალიფიკაციას დაემატა კიდევ ერთი მუხლი და დღეის მდგომარეობით გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]