სასამართლოს სხდომა დახურული იყო, რადგან ბრალდებულებს შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ახალგაზრდა 26 ივნისს დააკავეს. მეორე დღეს მათ ბრალდება წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობას და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ივნისს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრნენ მცხეთაში.
„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები ძალადობის თავიდან ასაცილებლად გაიქცნენ მდინარე არაგვის მიმართულებით. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით დაედევნენ გაქცეულებს, რომლებმაც სცადეს მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმალვა“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ.
მისივე თქმით, მოძალადეებმა გააგრძელეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც შაქარაშვილი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად უცნობია, რა გახდა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი.