დავით ვარდოშვილი საქონელს ყადორის მთაზე, მეზობელთან ერთად მწყემსავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრეებმა მეორე მწყემსიც შენიშნეს და გამოეკიდნენ, თუმცა მან თავის დაღწევა მოასწრო და მომხდარის შესახებ თანასოფლელებს შეატყობინა. სოფელ ალმატის მცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რუსი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით ვარდოშვილის დაკავება ოფიციალურად 22 ივნისს დაადასტურა. უწყების განმარტებით, 13 ივნისს, სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს მწყემსმა აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ მწყემსის გასათავისუფლებლად აქტიური მოლაპარაკებები გრძელდება. პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.
ეს საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს საქართველოს მოქალაქეების დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. 2018 წლის 27 ივნისს, სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეები - კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, როდესაც მათთან კავშირი გაწყდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებდნენ. რუსულმა მხარემ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ქართველი მესაზღვრეები 29 ივნისს, თუშეთში გადასცა.