weather cur horoscope tv
დეკემბერი 19, 2024

ქართველი მესაზღვრეები რუსმა სამხედროებმა ალპური საძოვრებიდან გაიტაცეს

12:54 პარასკევი, 29 ივნისი 2018

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომლები კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე 27 ივნისს, სავარაუდოდ, მართოთის ტბასა და ხიმრიკის მთას შორის მდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. მანძილი ტბასა და მთას შორის დაახლოებით 5 კილომეტრია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, საქართველო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად 27 ივნისს გავიდა. გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აკონკრეტებს საქართველო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, ზუსტად რა ტერიტორიაზე უნდა გაეხსნათ მესაზღვრეებს დროებითი საზაფხულო საგუშაგო.

ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე სასაზღვრო პოლიციას 2 ძირითადი საზაფხულო საგუშაგო აქვს: შავი კლდეების ტბიდან დაახლოებით 2.5 კილომეტრში, პრინცის ბინაზე და მართოთის (შამილის) ტბასთან. ამასთან, ზაფხულობით, როცა მთაზე თოვლი არაა და საზღვრის არალეგალური გადაკვეთა ან გადმოკვეთა უფრო ადვილია, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია კიდევ ორ ან სამ დროებით საგუშაგოს ხსნის.

როგორც „რეგინფოს“ სასაზღვრო პოლიციის ადგილობრივმა თანამშრომლებმა უთხრეს, დროებითი საზაფხულო საგუშაგო ნიშნავს კარავის დადგმას, სადაც ივლისიდან ოქტომბრამდე ორ-ორი მესაზღვრე მორიგეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ ქართველი მესაზღვრეების დაკავება გუშინ მას შემდეგ დაადასტურა, რაც „რეგინფომ“ ლაგოდეხის რაიონიდან რუსი სამხედროების მიერ ქართველი მესაზღვრეების გატაცების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი სამხედროების მიერ, ორი ქართველი მესაზღვრის გატაცების შესახებ ინფორმაციას, გატაცებულთა ოჯახის წევრებს 2 დღის განმავლობაში უმალავდა.

სამინისტროს განცხადებით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა უნდა განხორციელდეს დღეს, 29 ივნისს. მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ კი ქართული მხარე განახორციელებს ინციდენტის დეტალურ გამოკვლევას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]