weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თურქეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით სარფში აქცია გაიმართა

19:22 ოთხშაბათი, 01 ივლისი 2020
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან საპროტესტო აქცია გამართეს მოქალაქეებმა, რომლებიც საზღვრის ჩაკეტვამდე თურქეთში მუშაობდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ოთხი თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.

COVID-19-ის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 2020 წლის 15 მარტს ჩაიკეტა.

„სახელმწიფომ კომუნალური შეღავათები კი გაგვიკეთა, მაგრამ ივნისში ესეც დამთავრდა. ოჯახი გვყავს, შვილები გვყავს, გვშია. თურქეთში გადავდიოდით, ყოველ დღე ფულს ვშოულობდი და ოჯახში მიგვქონდა. ამ თვიდან კომუნალური გადასახადიც დაგვემატა, რით ვიცხოვროთ, როგორ გადავიხადოთ?“, – განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან აქციის მონაწილემ.

თურქეთში დასაქმებულები, ძირითადად ქალები, ბოლო თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებს ბათუმში მართავდნენ, რის შედეგადაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-სგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად გათვალისწინებული 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მიღების უფლება საზღვარგარეთ თვითდასაქმებულ მოქალაქეებსაც მიენიჭათ. დღეს გამართული აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებდა, რომ ეს დახმარება საკმარისი არ არის, ნაწილის თქმით, კი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.

„საქართველოში არ არის სამუშაო ობიექტები. თუ არის, დაგვასაქმონ. ოთხი თვეა სახლში ვართ და 300 ლარი გამოყვეს. ამ თანხით რა გავაკეთოთ? ჩვენს მთავრობის ოჯახებს ოთხ თვეში 300 ლარი ჰყოფნით?“ – აღნიშნა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

სარფში შეკრებილი მოქალაქეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და დასაქმების სააგენტოს უფროსი მივიდნენ.

დასაქმების სააგენტო აცხადებს, რომ მოქალაქეებს ტექნიკურად დაეხმარებიან და ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე დაარეგისტრირებენ. რეგისტრაციის მსურველებმა უნდა მიმართონ: აჭარის დასაქმების სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალურ სერვისცენტრებს. რეგისტრაციის გასავლელად საკმარისია პირადობის მოწმობის ან საზღვარგარეთის პასპორტის ასლი, ასევე საბანკო რეკვიზიტები.

მთავრობის დადგენილების თანახმად, კომპენსაციის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ და არანაკლებ 60-ჯერ უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა 2019 წლის განმავლობაში, ან/და 2019 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იმყოფებოდა ქვეყნის გარეთ 30-დან 120 დღის განმავლობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]