weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ამირხანაშვილის სამალავ ადგილზე ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია – შსს

15:09 ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020
სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტო სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „მორიგ სიცრუესა“ და „მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მცხეთაში, საავტომობილო გზასთან მდებარე ის ადგილი, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მთავარი მოწმე გურამ (გური) ამირხანაშვილი იმალებოდა, ხელოვნურად გადაწვეს.

„ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის მორიგი სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია.

შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ., ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ორი დღის წინ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, რომ ის ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია. ადვოკატის შეფასებით, ეს გარემოება კითხვებს აჩენს.

შსს-ს ინფორმაციით, 18 ივნისს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრნენ მცხეთაში. გამოძიების ვერსიით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები ძალადობის თავიდან ასაცილებლად გაიქცნენ. შაქარაშვილი მდინარის კალაპოტის მიმართულებით გაიქცა, ხოლო მისი მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში დაიმალა. პროკურატურის განცხადებით, სწორედ იქ იპოვეს ამირხანაშვილი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 22 ივნისს, მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს. ამ საქმეზე ბრალდებულია 17 პირი, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლებით იძიებს. შსს არ გამორიცხავს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]