weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სიკვდილის მიზეზია ასფიქსია და ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია – ექსპერტი

15:53 პარასკევი, 10 ივლისი 2020

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია განვითარებული წყალში დახრჩობით.

ექსპერტის თქმით, გიორგი შაქარაშვილს სხეულის ხვადასხვა მიდამოებში აქვს მკვრივი ბლაგვი სახის დაზიანებები, რომელიც სიცოცხლის პერიოდში მიიღო.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგების სრულყოფილად მიღების შემდეგ, ვაცხადებთ, რომ სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა, წყალში დახრჩობით.

ალბათ გახსოვთ, ინფორმაციის სახით მოგაწოდეთ, რომ აღებული იქნებოდა სისხლი, როგორც ნარკოტიკულ-ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე, ისე ალკოჰოლზე. ალკოჰოლთან მიმართებაში აღმოჩნდა 0.85 ეთილის სპირტი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა გარდაცვლილი სიკვდილის დროს. თუ ალკოჰოლის ცოტა ჭარბი ზემოქმედება იქნებოდა, მას შეეძლო ხელი შეეშალა გადაადგილებისთვის, მოძრაობისთვის და ა.შ.

დაზიანებებთან მიმართებაში - თავიდანვე ვამბობდით, რომ მაკროსკოპულად, გვამის პირველადი გამოკვლევის მონაცემებით, სახეზე იყო ბლაგვი ტრავმა, რაც ძირითადად გამოიხატებოდა სისხლნაჟღენთების არსებობაში და ამავდროულად, ვამახვილებდით ყურადღებას, რომ ადგილი ჰქონდა სისხლჩაქცევას მეტ-ნაკლებად მასიურს, რომელსაც ჰქვია ჰემატომა.

გიდასტურებთ, რომ ცხედარს გარეგანი დათვალიერებით ჰქონდა საკმაოდ ბევრი დაზიანება, კერძოდ აქცენტირებული და კონცენტრირებული ძირითადად სახის მიდამოში, მენჯის და მუცლის ქვემო ნახევრის პროექციაში.

რაც შეეხება სახის მიდამოს დაზიანებებს, მას აქვს საკმაოდ ტლანქი ტრავმა - ორივე თვალბუდის სისხლნაჟღენთების სახით, ორივე თვალის სკლერაში დიფუზური წითელი ფერის სისხლნაჟღენთების სახით. ეს თვალბუდის სისხლნაჟღენთები გადადის ცხვირის მარცხენა და მარჯვენა გვერდის ზედაპირებზე, შესაბამისად, შუბლის არეში გვაქვს არაერთი სისხლნაჟღენთი. თავის ქალის რბილი საფარის ქვეშ, შუბლზე არსებული ერთ-ერთი სისხლნაჟღენთის შესაბამისად განვითარებულია, ასევე სიცოცხლისდროინდელი სისხლჩაქცევა. მთლიანობაში, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახის არეშიც საკმაო სიძლიერის ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი, ბლაგვი მატრავმირებელი ფაქტორის თვალსაზრისით“, – განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

მისივე თქმით, მუცლის და მენჯის პროექციაზე არაერთჯერადი მკვრივი ბლაგვი საგნით ზემოქმედების შედეგად წარმოშობილია ჰემატომები. ექსპერტის თქმით, არსებული სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა, მას სჭირდებოდა საკმაო ძალით ზემოქმედება.

„სისხლნაჟღენთი იწყება თეძოს ქედიდან, ჩამოდის საზარდულისკენ და ვრცელდება ბოქვენის პროექციაზე, ანუ საკმაოდ ვრცელი დაზიანებაა სისხლნაჟღენთის სახით, რომლის ფონზეც შიგნით ვითარდება სისხლჩაქეცევა მენჯის წინა კედელზე. ცალსახად გიდასტურებთ, გადაადგილებას, ამ დაზიანების მიღების შემთხვევაში, პიროვნება შეძლებდა. გამოძიებას წინ არ გავუსწრებ, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა, თუკი ეს დაზიანებები მიიღო მან ცემის შედეგად, ერთ ადამიანს მიეყენებინოს“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მისივე თქმით, მხოლოდ კომპლექსურ ექსპერტიზას შეუძლია დაადგინოს, რომელი დაზიანება რა საგნით იყო მიყენებული.

„არ არის გამორიცხული მოგვიწიოს იმ დამრეცი ციცაბო რელიეფის შესწავლა, რომელიც ტელევიზიით ვნახეთ და რომელიც წყლამდე მიდის.

ფაქტია, რომ ეს დაზიანებები, ერთობლიობაში აღებული, წყალში გადაადგილებით და რაიმე საგნებთან შეჯახებით ვერ განვითარდებოდა.

ზოგადად, თეორიულად და არა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით - ქვა საკმაო ძალით ზემოქმედების რეჟიმში, რკინის ხელჯოხი, ხის ხელჯოხი, ფეხი - ეს ყველაფერი მკვრივი ბლაგვი საგნებია, რომელთა ძლიერი ზემოქმედების პირობებშიც სავსებით შესაძლებელია ამ სახის დაზიანებების განვითარება.

არ დაიჯეროთ, თუ რომელიმე ექსპერტი ტელესივრცეში იტყვის, რომ ჯერ სცემეს, შემდეგ დადააგდეს, ან თვითონ შევარდა წყალში და დაიხრჩო. ეს ყველაფერი დასადგენია, რადგან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით ამის დადგენის არც მეთოდიკა არსებობს და არც ჩვენს კომპეტენციაში არ შედის“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

ექსპერტის თქმით, არასწორია ვერსია, თითქოს გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში აღმოჩნდა, მანამდე კი ხმელეთზე მალავდნენ.

„გავრცელდა ინფორმაცია „მთავარი არხიდან“, რომ, თურმე, რამდენიმე დღე ეს პიროვნება გარდაცვლილი ჰყავდათ სადღაც დამალული და ერთი დღის, ან დღენახევრის თავზე ე.წ. შემთხვევის ადგილზე ვითომ წყალში განათავსეს. ცალსახად ვადასტურებ, რომ გვამის გამოკვლევის პროცესში არსებობს წყალში ყოფნის ნიშნები, რაც ნიშნავს იმას რომ ხელის მტევნების, ტერფების კანი სპეციფიურად იცვლება, ამას ჰქვია ე.წ. მრეცხავის ხელები, რაც უტყუარად მიუთითებს მასზედ, რომ ცხედარი იმყოფებოდა წყალში. თუ „მთავარი არხის“ ვერსიას გავყვებით, რომ რამდენიმე დღე ეს პიროვნება იყო მიწის ზემოთ და ერთ დღეში, თუ დღენახევარში ჩაუშვეს წყალში, კლიმატური პირობების და ტემპერატურის გათვალისწინებით, ცხედარი რომელიც თუდაც ერთი დღე იმყოფება არა მიწასა და წყალში, ლპობითი პროცესები ისეთი ინტენსივობით განვითარდებოდა, რომ ამოცნობის რესურსი და შესაძლებლობაც არ ექნებოდა არც გამოძიებას და არც ჭირისუფალს და ამოცნობა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ტანსაცმლის დათვალიერებით ა.შ. უფრო მეტიც, ლპობის პროცესებისთვის სჭიროა ჟანგბადის არსებობა. ჟანგბადი არის როგორც წყალში, ისე ხმელეთზე. ლპობითი პროცესები ხმელეთზე 8-10-ჯერ უფრო სწრაფად და ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე წყალში და წყალში 2-3-ჯერ უფრო შენელებულია ვიდრე ხმელეთზე“, – განაცხადა ექსპერტმა.

დღეს, 10 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვანა გამოაქვეყნა, რომლის მიხდევითაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნით, „ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში“.

„აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, – ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.

სასამართლო-სამედიცინო დასკვნის მიღების შემდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია დაუმატა. დღემდე გიორგი შაქარაშვილის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლებით იძიებდა. ამ მუხლებით საქმეზე ბრალდებულია და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 17 პირი.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის 18-19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა, რასაც წინ უძღოდა 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]