შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. მაშველებმა ადგილობრივების დახმარებით „დელიკას“ მარკის ავტომობილი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა იქ არავინ აღმოჩნდა. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, მამაკაცი წყალმა გაიტაცა, რადგან ავტომობილის ორივე კარი ღია იყო.
მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ადგილობრივებისა და მაშველების მონაწილეობით სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე [21:15 სთ] მიმდინარეობს.
დაკარგული მამაკაცი სოფელ კალადან მესტიის მიმართულებით მიდიოდა და ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა. ის ბეჩოს თემში ცხოვრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.