„გუშინ ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995 იყო. დაგვემატა მხოლოდ ოთხი ახალი შემთხვევა და ამჟამად ქვეყანაში 999 დადასტურებული შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და დღეს ჯამში 870 გამოჯანმრთელებული გვყავს“, – განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.
მისივე განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 87 პროცენტს შეადგენს.
ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის Stopcov.ge-ის მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმში 5640 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთალყურეობის ქვეშ – 244.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის ავღანეთში დაინფიცირებული 28 სამხედრო მოსამსახურეა.
კორონავირუსის შედეგად საქართველოში 15 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 28 ივნისს დაფიქსირდა.