„ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად. სხვათა შორის, პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე.
კიდევ ერთი რამე მინდა, ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე. არ ვიცი მე. ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი ძალადობა ადამიანებზე არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული და მემგონი, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება. ამიტომ, ამაზე დავფიქრდეთ ყველა, ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით, დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, სადაც ვლაქერნობის დღესასწაულს ესწრება.
19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის 18-19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა, რასაც წინ უძღოდა მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლებით 17 პირი დააკავა. 10 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვანა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის პასუხის შემდეგ შაქარაშვილის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია დაემატა.