weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით ერგნეთში აქცია გაიმართა

20:15 ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020
Qartli.ge-ის ფოტო Qartli.ge-ის ფოტო

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა ერგნეთში აქცია გამართეს.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, პარლამენტარ ელენე ხოშტარიას განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტების აქტიურობა იპყრობს იმ ყურადღებას, რის გარეშეც უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება „პარაქტიკულად შეუძლებელია“.

„ამ ყველაფრის პარალელურად „ქართული ოცნება“ ტრაგიკულ განცხადებებს აკეთებს. საუბარი იმაზე, რომ ეს არის ნორმა და ასე ხდება ოკუპციის დროს, როგორც ვოლსკიმ თქვა, არის გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ ჩვენ ამას შეგუებულები ვართ. არა, მოქალაქეები არ არიან შეგუებულები, აქ დგანან და ყოველთვის იდგნენ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ერგნეთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უნდა ჩავიდნენ და ელჩებიც ჩაიყვანონ, როგორც ეს გუგუთიანთკარის შემთხვევაში მოხდა.

მოძრაობა „ძალა ერთობაშია-ს“ ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, საოკუპაციო რეჟიმის გააქტიურება და საქართველოს ხელისუფლების პასიურობა შემაშფოთებელია.

„ჩვენი სამი მოქალაქეა გატაცებული – გენადი ბესტოევის მიმართ, რომელიც 2019 წლის ნოემბრიდან ცხინვალის ციხეში ზის, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ხორციელდება; ხვიჩა მღებრიშვილი, რომლის შესახებ ინფორმაცია ჩვენ ორი დღის წინ გავიგეთ და უკვე 12 დღეა გატაცებულია; ზაზა გახელაძე, რომელსაც ოკუპანტებმა ესროლეს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – მინიმუმ ეს სამი შემთხვევა რომ ავიღოთ, ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება კვლავ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის გამტარებელია, რითაც საოკუპაციო რეჟიმს უქმნის შესაძლებლობას, რომ თავისი აგრესიული პოლიტიკა გაატაროს“, – განაცხადა დავით ქაცარავამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ერგნეთის საგუშაგოსთან მისვლის უფლება არ მისცეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვთან დააკავეს. Qartli.ge-ის ინფორმაციით, მღებრიშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მას ცეცხლი გაუხსნეს და იარაღის მუქარით გაიტაცეს. 33 წლის ზაზა გახელაძე კი 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს, გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]