კადრებში, მკოიანის გვერდით ჩანს კიდევ ერთში შეაირაღებული მამაკაცი. ვიდეო დაახლოებით 15:30 საათზეა გადაღებული. დაპირისპირების ამსახველი, თუმცა უფრო შორიდან გადაღებული ვიდეო, ენზელ მკოიანმა აპრილში გაავრცელა.
26 მარტს ერთმანეთს ენზელ მკოიანი და ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი დაუპირისპირდნენ. ენზელ მკოიანმა განაცხადა, რომ ამ დაპირისპირებამდე სიტყვიერი შელაპარაკება მის ძმისშვილს, 19 წლის არმენ მკოიანსა და პეტროსიანის შვილს შორის მოხდა. მკოიანი აცხადებდა, რომ სიტუაციის განმუხტვის შემდეგ სამველ პეტროსიანი თავს დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მისი მოკვლა სცადა. „ქართული ოცნების“ დეპუტატის მტკიცებით, მან ჰაერში ორი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
სამველ პეტროსიანის ვერსიით კი, მისი მიმართულებით პირველად მოქმედმა დეპუტატმა სამჯერ გაისროლა, რის შემდეგაც თავადაც ამოიღო იარაღი და ჰაერში, თავდაცვის მიზნით ისროლა.
28 მარტს სამართალდამცველებმა სამველ პეტროსიანი და არმენ მკოიანი დააკავეს. პროკურატურა მათ ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (ხულიგნობა, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით). სასამართლომ ბრალდებულებს აღკევთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სამველ პეტროსიანი და არმენ მკოიანი წინასწარი პატიმრობიდან ივნისში, გირაოს სახით 20-20 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.