weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეს მოდის სამსახურის მხრიდან, ზეწოლის ქვეშ იყო - თამარ ბაჩალიაშვილის მამა

13:11 ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მისი 23 წლის შვილის, თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის შესახებ გახდა ცნობილი, მამამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ბავშვი აწამეს და მოკლეს. აქედან მოტყუებით გაიყვანეს. ეს მოდის სამსახურის მხრიდან პირველ რიგში. ზეწოლის ქვეშ იყო სამსახურიდან. მეორე ვარიანტია, რომ შეიძლება, ბიჭმა მოიტაცა და ეგეთი რაღაცა... მე უფრო სამსახურზე ვფიქრობ. იქიდან რომ მოდიოდა, სულ აგრესიული იყო. ორ-სამჯერ ნამტირალევიც დავინახე“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

გარდაცვლილის მამის თქმით, პოლიციამ არაეფექტურად იმუშავა.

„აი ჩვენი მთავრობა, აი ჩვენი პოლიცია. ხუთი დღეა ვეხვეწები, ხალხო, ბავშვი დავკარგე, ნახეთ. ვითომ გადიან მოსაძებნად და ძღებიან, სადღაც სვამენ. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც თქვეს ვიყავითო, მივედი და სოფელში მითხრეს, პოლიცია დღეს აქ არ ყოფილაო. აქედან ეჭვი დამებადა უკვე“, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

დღეს განცხადება გაავრცელა შპს „ზეგ“-მა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში თამარ ბაჩალიაშვილი პროგრამისტად მუშაობდა. კომპანიის დირექტორის, თამარ კობერიძის განცხადებით, წინა კვირას თამარ ბაჩალიაშვილმა მათ აცნობა, რომ სამსახურიდან წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.

„აღნიშნული არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენჯერმე ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ შვილის ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ავტომობილში იპოვეს.

ახალგაზრდა ქალი 18 ივლისს, დილით, ფონიჭალიდან, სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ ჩანდა. დედის თქმით, დაახლოებით დღის პირველი საათისთვის თამარს ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი „ჰიუნდაი აქცენტი“ კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში შესვლის დროს დააფიქსირეს. ოჯახისთვის გაუგებარია, რატომ წავიდა თამარი ამ მიმართულებით, რადგან ხაიშში არც ნათესავები ჰყავთ და არც მეგობრები.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. სამძებრო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა.

გუშინ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეზობლებმა ფონიჭალაში მთავარი საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი პოლიციას არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებდნენ. აქციის მონაწილეები დღეს თეთრიწყაროში წავლას და დაკარგულის საკუთარი ძალებით მოძებნას აპირებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]