weather cur horoscope tv
აგვისტო 08, 2020

„გვამური გაშეშება“ მექანიკური შეცდომა არაა - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს განმარტება

13:53 ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020 hits 538
სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტო სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტო

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს და გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გარკვეულ დეტალებს განმარტავს. ბიუროს განცხადებით, ვრცელდება არაერთი ვერსია, რომელსაც სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.

ბიურო აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს „გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“, მექანიკურ შეცდომა არ არის და არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ სიკვდილის ხანდაზმულობას და დასკვნით დადგენილ სხვა გარემოებებს.

„კერძოდ, 2020 წლის 22 ივნისს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა, საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნით და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის გვამის დათვალიერებაში, მისი აღმოჩენის ადგილზე (საგამოძიებო მოქმედების დაწყების დრო 22.06.2020წ. 15:05 სთ). ექსპერტის მიერ ჩატარდა გვამის გარეგნული დათვალიერება, რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ექსპერტის მიერ შეფასებული იქნა სხეულზე არსებული სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, „გვამური გაშეშება“ და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ გამოხატული იყო სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში.

შემდგომ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა (გამოკვლევა დაიწყო 22.06.2020წ. 19:15სთ-ზე), რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ხელმეორედ იქნა შეფასებული გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული, სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, „გვამური გაშეშება“ და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ ექსპერტიზის ჩატარების მომენტში უკვე მოხსნილი იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილის სხეულის გარეგნული დათვალიერების დროს გამოვლენილი „გვამური გაშეშების“ ფაქტი, თითქოსდა წინააღმდეგობაში მოდიოდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგთან არ შეესაბამება სიმართლეს, საჭიროდ ჩავთვალეთ წარმოგიდგინოთ სასამართლო-სამედიცინო სახელმძღვანელოებში ამ საკითხთან დაკავშირებული განმარტებები:

ციტატა: „გვამური გაშეშების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველი დღე-ღამის ბოლოს ყველა ჯგუფის კუნთს მოიცავს. ასეთ მდგომარეობაში კუნთი იმყოფება საშუალოდ 1-2 დღე, რის შემდეგაც თანდათანობით იწყება გვამური გაშეშების მოხსნა ე.ი. კუნთების მოდუნება. გაშეშების მოხსნა ისე, როგორც მისი განვითარება, დიდად არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე. მაგალითად, ოთახის ტემპერატურის პირობებში, კუნთების მოდუნება ჩვეულებრივ ორი დღე-ღამის დასასრულს ან მესამე დღე-ღამის დასაწყისში ვითარდება. დაბალი ტემპერატურის დროს კი გაშეშება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაშია შენარჩუნებული“. (იხილეთ: თეიმურაზ გორდელაძე. ექიმი პათოლოგანატომი, სასამართლო ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი. სახელმძღვანელო - სასამართლო მედიცინა. თბილისი 2008წ.)

ციტატა: „გაშეშება უმაღლეს დონეს 24 საათის განმავლობაში აღწევს, შემდეგ იწყება თანდათანობით კუნთების მოდუნება და გაშეშება იხსნება 2-3 დღის შემდეგ... გვამის გაშეშება მჭიდროდ არის დაკავშირებული მრავალ შინაგან და გარეგან ფაქტორთან. ცივ გარემოში გაშეშება გვიან ვითარდება და დიდხანს ძლებს, რამდენიმე დღეს და კვირასაც კი. გვამში აუტოლიზური პროცესები და ლპობა სწრაფად იწვევს გაშეშების მოხსნას, რასაც ადგილი აქვს მაღალ ტემპერატურაზე გვამის ყოფნისას ...“. (იხილეთ: ბესიკ კილასონია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი. სახელმძღვანელო - სასამართლო მედიცინა. თბილისი 2011).

რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რომლებიც აგრეთვე გახდა არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საგანი, დეტალურად არ შევეხებით, რადგან აღნიშნული მოიცავს დიდი ოდენობით სპეციფიურ განმარტებებს და მნიშვნელოვნად სცდება ერთი საჯარო განცხადების ფორმატს. თუმცა, ასევე, ძალიან მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს მოსაზრება ძვლების მოტეხილობის თაობაზე და მათ შორის ქალა-ფუძის მოტეხილობის საკითხი. შესაბამისად განვმარტავთ, რომ თვალბუდეების მიდამოში სისხლნაჟღენთების არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ქალას-ფუძის მოტეხილობას.

ექსპერტიზის დროს, მოხდა თავის ქალას ძვლების უშუალოდ ვიზუალური, დეტალური დათვალიერება, რის საფუძველზეც კატეგორიულად დადგინდა ქალა-ფუძის მოტეხილობის არ არსებობა. რენტგენოლოგიური გამოკვლევა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიზუალურად ვერ ხერხდება უშუალოდ უბნის დათვალიერება“, - ნათქვამია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

ამ საკითხზე, 19 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში უკრაინელმა ექსპერტმა გალინა კარმოშინამ ისაუბრა და თქვა, რომ თუ გიორგი შაქარაშვილი 19 ივლისს გარდაიცვალა, სხედრის პოვნის დროს გვამური გაშეშება ვერ იქნებოდა, რადგან, მისი თქმით, წარმოუდგენელია ცხედარს გვამური გაშეშება 84 საათის (3.5 დღე) შეუნარჩუნდეს. გალინა კარმოშინას შეფასებით, ორ დღეზე მეტი ცხედარი წყალში არ ყოფილა.

„ტრავმები და ე.წ. სისხლნაჟღენთები სხეულზე, მათ შორის სახეზე სიცოცხლის პერიოდშია მიყენებული. ის აშკარად ცოცხალი იყო 1.5-2 დღე, რა დროსაც მის ორგანიზმში ცოცხალი პროცესები მიმდინარეობდა და დალილავებული ადგილები სივდებოდა. ამასთანავე, ცხედარს გვამური ლაქები სხეულის ორივე მხარეს არათანაბრადაა გამოხატული, რაც ნიშნავს, რომ მასზე მოხდა მანიპულაცია და ის რამდენჯერმე გადაბრუნებულია. გარდაცვლილს აშკარად უცვლიდნენ პოზიციას. ლაქებით თუ ვიმსჯელებთ, ის იწვა მუცლით რაღაც მძიმე მყარ ზედაპირზე. ორ დღეზე მეტს სხეული წყალქვეშ ფიზიკურად ვერ დაყოფდა რადგან, ფოტოზე აშკარად ჩანს ხელის გულებზე „მრეცხავის ხელები“, რაც ადასტურებს, რომ სხეული წყალში რამდენიმე საათია იმყოფება, რადგან თითებზე ახალი დაწყებულია ე.წ. მრეცხავის ხელების ეფექტი. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ფაქტი ივნისში მოხდა, როდესაც წყალი თბილია. თუ როგორც ამტკიცებენ ცხედარი 4 დღე იყო წყალში, დაიწყებოდა კანის აძრობა“, - ამბობს უკრაინელი ექსპერტი.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვესის 18-19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა, რასაც წინ უძღოდა მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლებით 17 პირი დააკავა. 10 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვანა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის პასუხის შემდეგ შაქარაშვილის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია დაემატა. პროკურატურას ამ მუხლით ბრალი ჯერჯერობით არავისთვის წარუდგენია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]