weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

13 წლის ილია ფილფანს მე-19 დღეა უშედეგოდ ეძებენ

15:29 ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანს მე-19 დღეა უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განახადეს, რომ მაშველები მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე.

შსს-ს განცხადებით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში მეხანძრე-მაშველების მიერ შემოწმებულია 38 სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ასევე, 7 მდინარე, მდინარის კალაპოტი და მიმდებარე ხეობები, მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები და მიტოვებული სახლები. საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და „ენგურჰესზეც“ მიმდინარეობს.

„საქართველოში არსებულ ყველა აქტიურ სატელეფონო ნომერზე, 112-ის მიერ საინფორმაციო სამენოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ილია ფილფანის ფოტოსურათით, რათა მოქალაქეებმა, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ 112-ზე“, - განაცხადეს შსს-ში.

შსს-ს ინფორმაციით, ილია ფილფანის გაუჩინარებიდან დღემდე, მეხანძრე-მაშველების მიერ დათვალიერებული და შემოწმებულია სოფლები: ლენჯერი, ლაშდღვერი, მესგუნი, ნემსია, სოლი, კაერი, ლხანი, ქართვანი, ლანხვრი, ისკარი, ცალანარი, ეცერი, კალაში, უშგული, უღვალი, ფარი, ზემო ლუჰა, ქვემო ლუჰა, ლახამულა, ნოდაში, მაგარდი, ლეზგარა, სვიფი, ღვებალდი, სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი, ზარგაში, ქურელი, ბეჩო, მაზერი, ჯორკვალი, ლატალი და აღნიშნულ სოფლებში არსებული მიტოვებული სახლები და კოშკები. ასევე შემოწმებულია მუგვირის ტერიტორია, ქორულდის მთის ტერიტორია, ჭუბერი და მის გარშემო ტერიტორია, ლაღამი, ლანჩვალა, სოკოს უბანი. 

„მეხანძრე-მაშველებმა ფეხით გაიარეს ბეჩო-დიზი-ხაიში-ჯვარამდე ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიები, ჭალადის მყინვარზე არსებული ტურისტული მარშრუტი, მესტიის საბაგიროს მიმდებარედ არსებული ტყის მასივი, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები, სოფელ ებუთის და ჰაწვალის მთის ტყის მასივი და უღელტეხილ ჰოკოს მიმდებარედ არსებული 4 ძველი უმოქმედო გვირაბი“, - აცხადებს შსს.

მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 34 იპოვეს (8 გარდაცვლილი), ხოლო 20 ადამიანს, მათ შორის სამ არასრულწლოვანს, ამ დრომდე ეძებენ. ექვს თვეში გაუჩინარებული 54 ადამიანიდან 13 არასრულწლოვანია, 16 კი 25-დან 45 წლამდე ასაკისაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]