ახალქალაქში მასობრივი არეულობა და რბევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურ პარკში მომხდარი ჩხუბის შედეგად სოფელ კულიკამში მცხოვრები 27 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. გულის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულის თანასოფლელებმა, რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ, იმ სასტუმროებისა და სახლების დარბევა დაიწყო, რომლებიც სავარაუდო მკვლელს და მის მეგობრებს ეკუთვნით. ერთ-ერთი დაზარალებული ამბობს, რომ მის სახლს ბენზნი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. მისივე თქმით, მომხდარს პოლიცია თვალს ადევნებდა, თუმცა ვერაფერს გახდა.
„ქალები და ბავშვები გარეთ გამოგვათრიეს. გვითხრეს, გავსულიყავით და არაფერი დაგვიშავდებოდა. შიგნით ყველაფერი დაარბიეს. ბენზინი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციელები იქ იყვნენ, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს. სახანძროსაც არ უშვებდნენ, რომ ცეცხლი ჩაექრო. ჩემი შვილი იმ ბიჭის მეგობარია, ვინც ისროლა. არ ვიცით, ჩხუბის დროს იქ იყო თუ არა. სახლმა რა დაუშავა? ყველაფერი გაგვინადგურეს, არაფერი დაგვრჩა“, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
საერთო ჯამში, ახალქალაქში ოთხი საცხოვრებელი სახლი და ერთი სასტუმრო –„არტსეგი“ დაარბიეს და გადაწვეს. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი.
ცენტრალურ პარკთან მომხდარი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 37 წლის მამაკაცი დააკავეს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე კი გამოძიება გრძელდება. ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, მკველობის ბრალდებით დაკავებული პირი სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელია.
„დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა 1993 წელს დაბადებული პირი.
მკვლელობის შემდგომ, დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. დაორგანიზდა და განხორციელდა ჯგუფური ძალადობა, რასაც შედეგად მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება.
გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ, რომელიც ახალქალაქში წუხელ ჩავიდა.
ახალქალაქში პოლიცია და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.
მოკლული 27 წლის მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და გამთენიისას სოფელ კულიკამში გადაასვენეს.