weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თუ ბიჭებს პოლიციაში წაიყვანენ, ახალციხის ცენტრში თავს დავიწვავ – მოკლულის მამა

10:05 ორშაბათი, 17 აგვისტო 2020
Jnews-ის ფოტო Jnews-ის ფოტო

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და თანასოფლელების პოლიციაში დაბარება გააპროტესტეს. საქმე ეხება 27 წლის მამაკაცის მკვლელობას, რასაც ახალქალაქში არეულობა და რამდენიმე სახლის გადაწვა მოჰყვა.

სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, კულიკამის მცხოვრებლებმა გუშინ, 16 აგვისტოს გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ ახალციხის პოლიციაში 40-მდე ახალგაზრდაა დაბარებული. აქციას მოკლული ვარდა მირანიანის მამა ხელმძღვანელობდა.

„ჩემი მოთხოვნაა, ბიჭები არ წაიყვანონ. ჩემი ვაჟი გარდაიცვალა, თუკი ამ საქმეში კიდევ ვინმეს შვილი დაზარალდება, მაშინ ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ექნება. ჩავთვლი, რომ არაფერი მომხდარა და შვილი მსხვერპლად შევწირე. ჩვენ არ ვაპირებთ არც შურისძიებას და არც მტრობას. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩემი შვილის გარდაცვალების გამო, სოფლის ახალგაზრდა ბიჭები არ დაკითხონ და არაფერი დაუშაონ, დაანებონ თავი.

პოლიციელებსაც ვუთხარი, რომ თუ რომელიმე ბიჭს ახალციხეში წაიყვანენ, ციხეში ჩასვამენ, ქალაქის ცენტრში თავს დავიწვავ“, – განაცხადა არსენ მირანიანმა.

Jnews-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა მათთან შესახვედრად მისულ პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლებსა და უფროსს უთხრეს, რომ მხოლოდ ბიჭების წასაყვანად სოფელში არ შეუშვებენ და მზად არიან, პოლიციაში მთელი სოფელი გამოცხადდეს.  

„მოიყვანონ ავტობუსები და ყველა წაგვიყვანონ“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ჯერჯერობით უცნობია, რა იქნება პოლიციის პასუხი.

ახალქალაქის ცენტრში 8 აგვისტოს მომხდარი ჩხუბის დაპირისპირების დროს 27 წლის ვარდა მირანიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულის არეში დაჭრეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. იმავე საღამოს, მოკლულის თანასოფლელებმა, რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ, იმ სასტუმროებისა და სახლების დარბევა დაიწყო, რომლებიც სავარაუდო მკვლელს და მის მეგობრებს ეკუთვნით. საერთო ჯამში, ახალქალაქში ოთხი საცხოვრებელი სახლი და ერთი სასტუმრო – „არტსეგი“ დაარბიეს და გადაწვეს. დააზიანეს რამდენიმე ავტომობილი.

სამართალდამცველებმა ვარდა მირანიანის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, 37 წლის ა.გ. 9 აგვისტოს დააკავეს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პოლიციამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზეც დაიწყო. სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 11 აგვისტოს, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და დაპირისპირების მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]