„შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, ი.ფ. შორტებში ჩაცმულ გ.წ-ს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჩაცმულობა ეწინააღმდეგებოდა მის ადათ-წესებს, ფიზიკურად გაუსწორდა. ამასთან, ი.ფ-მ, ა. ბ-მ და ა.ი-მ იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს გ.წ-ს არასრულწლოვან შვილს ნ.წ-საც. აღნიშნულის შედეგად მამა-შვილმა - გ.წ-მ და ნ.წ.-მ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის გ.წ-მ - სხივის ძვლის მოტეხილობა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში..
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 9 აგვისტოს, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.
ი.ფ.-ს ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯგუფურად ცემისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 53'-126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 53'-118 მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ცემა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 53' -126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულია.
საქმეს თელავის რაიონული სასამართლო განიხილავს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.