შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, 22 აგვისტოს, ამავე ბარის სტუმრების, 1986 წელს დაბადებული ორი პირის - ი.ფ.-სა და ი.გ.-ს მიმართ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. მომხდარის შედეგად, ი.ფ.-მ და ი.გ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით“, – აცხადებენ შსს-ში.
მოქალაქე ივიკო ფრუიძემ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თბილისში, პეკინის N3-ში მდებარე ბარ Skygirls-ის თანამშრომლები თანხის გამოძალვასა და ცემაში ამხილა. ივიკო ფრუიძის თქმით, მას და მის მეგობრებს მოსთხოვეს 981 ლარის გადახდა იმ შეკვეთისთვის, რაც მათ მიერ არ ყოფილა გაკეთებული, ხოლო მას შემდეგ რაც „არარეალური ანგარიში“ გააპროტესტა, ბარის დაცვის 5-მა წევრმა და ერთმა თანამშრომელმა სასტიკად სცემეს. საკუთარ პოსტში ივიკო ფრუიძე წერს, რომ ცემის შედეგად ხელი მოსტყდა, ცხვირი გაუტყდა, ტვინის შერყევა და სხვა ფიზიკური დაზიანებები მიიღო.