შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 4 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ორმა პირმა
საქმეზე გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.
აღნიშნულ საქმეზე დღემდე ბარის მენეჯერი და სამი თანამშრომელი იყვნენ დაკავებული.
მოქალაქე ივიკო ფრუიძემ 1-ელ სექტემბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თბილისში, პეკინის N3-ში მდებარე ბარ Skygirls-ის თანამშრომლები თანხის გამოძალვასა და ცემაში ამხილა. ივიკო ფრუიძის თქმით, მას და მის მეგობრებს მოსთხოვეს 981 ლარის გადახდა იმ შეკვეთისთვის, რაც მათ მიერ არ ყოფილა გაკეთებული, ხოლო მას შემდეგ რაც „არარეალური ანგარიში“ გააპროტესტა, ბარის დაცვის 5-მა წევრმა და ერთმა თანამშრომელმა სასტიკად სცემეს. საკუთარ პოსტში ივიკო ფრუიძე წერს, რომ ცემის შედეგად ხელი მოსტყდა, ცხვირი გაუტყდა, ტვინის შერყევა და სხვა ფიზიკური დაზიანებები მიიღო.