შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მსჯავრდებული ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალის მიმდებარედ არსებულ ტყეში მიიმალა.
გუშინ, პირველ ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 60 წლამდე მამაკაცი 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ ამ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ რამდენიმე თვის წინ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გააუქმა.
„პირველი ინსტანციის მიერ მიღებული განაჩენი აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უკანონი იყო, ვინაიდან საქმეში იყო უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც ბრალეულობა დასტურდებოდა. სასამართლომ ეს მტკიცებულებები არ გაითვალისწინა, განსაკუთრებით დაზარალებული და ასევე, მოწმე ბავშვის ჩვენებები. ბავშვები ძალიან მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობდნენ, თუმცა სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ რადგან ისინი იყვნენ ასაკით პატარები - 5 და 7 წლის, მათ მიერ მიცემული ჩვენებები სასამართლოსთვის არასანდო იყო. სწორედ ამ საკითხზე ვდაობდით“, – უთხრა „რეგინფოს“ ადვოკატმა თამარ ლუკავამ.
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა 58 წლის კაცმა, იმავე ეზოში მცხოვრები 5 წლის გოგო, რომელიც თანატოლთან ერთად თამაშობდა, საძინებელში შეიყვანა, საწოლზე დააწვინა, ტანსაცმელი გახადა, თვითონაც გაიხადა და სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. ამ მომენტში ოთახში შევიდა მეორე ბავშვი, რომელიც გოგოსთან ერთად თამაშობდა და მას ეძებდა. კაცი ბავშვებს დაემუქრა, რომ არსად არაფერი ეთქვათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ ყოფილა ამ გოგოს მიმართ კაცის მხრიდან ძალადობის პირველი შემთხვევა. ბავშვმა დედას მომხდარის შესახებ მოუყვა. მამაკაცი 2019 წლის 5 ივლისს დააკავეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა საქმის განხილვა გააჭიანურა და ბრალდებული წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გირაოთი გაათავისუფლა, 2020 წლის 13 მაისს კი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმებოდა და ის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.