weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნების“ წევრის, თემურ შუბითიძის ცემისთვის 4 პირი დააკავეს

14:00 ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020
ზაურ დარგალის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ზაურ დარგალის მიერ გამოქვეყნებული ფოტო

„ქართული ოცნების“ წევრის და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის, თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით პოლიციამ 4 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, შუბითიძე ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს „ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია“, – აცხადებს შსს.

უწყების თანახმად, დაკავებულები არიან წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი - 1975 წელს დაბადებული დ.ქ., 1979 წელს დაბადებული მ.ჯ., 1980 წელს დაბადებული ზ.შ. და ასევე, 1990 წელს დაბადებული ლ.გ.. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თემურ შუბითიძეზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდნენ და მომხდარში ოპოზიციის მონაწილეობისკენ მიანიშნებდნენ. მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა სოციალურ ქსელში საავადმყოფოში მყოფი, ნაცემი შუბითიძის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ჩვენი შტაბის საარჩევნო სპეციალისტის, თემურ შუბითიძის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური მოტივით ფიზიკური ანგარიშსწორება“.

„დღეს არის ამ ბოლო დღეების განმავლობაში დაწყებული პროვოკაციების სერიის გაგრძელება. რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი აქტივის წარმომადგენლები არ წამოეგნენ პროვოკაციას. გუშინ, სამწუხაროდ, ეს უკვე მოხდა. რაც არ უნდა ხდებოდეს, ძალადობა ყველა შემთხვევაში გაუმართლებელია და გუშინდელი საღამოს ფაქტი არის ძალიან სამწუხარო. მას შემდეგ რაც მარნეულში ვეღარ გაბედეს მომდევნო პროვოკაციის დაგეგმვა, დღეს უკვე ლაჩრულად 4 ადამიანი გაუსწორდა სასტიკად“, – განაცხადა 30 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდონარაძემ.

„ჩვენი ეჭვი არის, რომ ამ ყველაფრის უკან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელი ურევია“, – თქვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ქველაძეს, მის მამას - გივი ქველაძესა და ნათესავს, დათო ქიმაძეს, რის გამოც მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი - გ.შ. და გ.ჯ. 3 ოქტომბერს დააკავა.

იმავე დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, თუმცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე არავინ არის დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]