ლია ლაზარაძის განცხადებით, ლოკალური ეპიდემიოლოგიური აფეთქება, რომლის კერაც ძირითადად კომბინატის დასახლება იყო, დასრულდა. ექიმის თქმით, კლინიკა ყველა პაციენტმა უკვე დატოვა.
„ცნობილი გახდა იმ ვირუსოლოგიური კვლევის შედეგი, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს. კვლევის შედეგების თანახმად, ეს გახლდათ ნოროვირუსი – ნაწლავური ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად დამახასიათებელია წლის ცივი პერიოდისთვის და 2-3 დღეს გრძელდება“, – განაცხადა ლია ლაზარაძემ ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება ბაქტერიოლოგიურ კვლევას, რომელმაც ინფექციის გამომწვევი მიზეზი უნდა დაადგინოს, ექიმის განმარტებით, ის დასრულებული არ არის და საბოლოო პასუხის მიღებას ვირუსოლოგიურ კვლევაზე მეტი დრო დასჭირდება.
კომბინატის დასახლებაში ინფიცირებულთა შორის ზრდასრულებიც არიან. ადგილობრივები ინტოქსიკაციის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად სასმელ წყალს ასახელებდნენ. გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გორში სასმელი წყალი სრულად აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.
ნოროვირუსი დიარეას და ღებინებას იწვევს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ადამიანი შესაძლოა დაინფიცირდეს ნოროვირუსით დაავადებული ადამიანის განავლის ან ნაღებინები მასის შემთხვევით პირში მოხვედრისას. ეს ძირითადად ხდება ნოროვირუსით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით, ნოროვირუსით დაბინძურებული ზედაპირების და/ან საგნების შეხებით და თითების პირში ჩადებით, ან ნოროვირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით (მაგ: მოვლა, საკვების ან ჭურჭლის გაზიარება). რეკრეაციულმა და სასმელმა წყალმა შესაძლოა შეასრულოს ნოროვირუსის გადამტანის როლი და გამოიწვიოს დიდი ეპიდაფეთქებები. ეს ეპიდაფეთქებები ხშირად უკავშირდება სუფთა წყალს, რომლის დაბინძურებაც მოხდა სეპტიური რეზერვუარიდან ან კანალიზაციიდან გაჟონვის ან მუნიციპალური სისტემების დაქლორვის პრობლემებისას.
ინფექცია ადვილად ვრცელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა ჰოსპიტალები, საბავშვო ბაღები და სკოლები.