weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ჯორჯიან ეარვეისი“ განმარტავს, რატომ არ აუშვეს აფგან მუხთარლი თვითმფრინავში

17:28 პარასკევი, 09 ოქტომბერი 2020

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) განცხადებას ავრცელებს, რომლითაც განმარტავს, რატომ არ მისცეს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის გერმანიიდან საქართველოში გამოფრენის საშუალება.

კომპანიის განცხადებით, ამის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციებია.

„საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც იმპერატიულად ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში.

აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. “მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს, აფგან მუხთარლის, რომელიც არც სხვა რომელიმე „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეა და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობს, რის გამოც ჩვენი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას მომსახურებოდა მას“, – აცხადებს ავიაკომპანია.

აფგან მუხთარლიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბილეთი გაუუქმეს. ის მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაბრკოლებას განზრახ უქმნის და ქვეყანაში არ უშვებს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, „ივანიშვილის მთავრობას მისი დაბრუნების ეშინია, რადგან იციან, რომ მათ დანაშაულებს გამოააშკარავებს“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში მუხთარლიმ აეროპორტში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა:

„აეროპორტში „საქართველოს ავიახაზების“ წარმომადგენელმა დახედა ჩემს დოკუმენტს, მერე ვიღაცას დაუკავშირდა საკონსულოში და მითხრეს, რომ დოკუმენტს ვადა აქვს გასული. როდესაც ვაჩვენე, რომ ვადა 2021 წლის ბოლომდეა, მითხრეს რომ აზერბაიჯანის მოქალაქეს უფლება არ აქვს, გერმანიის ბინადრობის მოწმობით საქართველოში გაემგზავროს. თუმცა,

იქამდე მქონდა კომუნიკაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც მითხრეს, რომ საქართველოში ჩვეულებრივად ჩამოვიდოდი.

გარკვეული განხილვების შემდეგ კი, მითხრეს რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ცვლილებებია და ამიტომ ვერ გავფრინდები. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ივანიშვილის ხელისუფლებას არ სურს საქართველოში ჩამოვიდე და არ სურთ ზუსტად თქვან, როგორ და საიდან გამიტაცეს, რა გზა გამატარეს, ვიდრე აზერბაიჯანში ჩამიყვანეს. ისინი ამ საქმის გამოძიებას არ აპირებენ“, – განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

ჟურნალისტი საქართველოში ჩამოსვლას პროკურატურაში გამოცხადების მიზნით აპირებდა.

აფგან მუხთარლი, რომელიც 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა, თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი აზერბაიჯანში, პოლიციის იზოლატორში აღმოჩნდა. მუხთარლი ამბობდა, რომ თბილისიდან საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს.

აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური ინფორმაციით, მუხთარლი 29 მაისს, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. აფგან მუხთარლის ბრალად დასდეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. 2018 წლის 12 იანვარს ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი დამნაშავედ ცნო სააპელაციო სასამართლომაც. 2020 წლის მარტში მუხთარლი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის გერმანიაში გაემგზავრა. მანამდე საქართველო დატოვეს მისმა მეუღლემ და შვილმა.

2018 წლის თებერვალში პატიმრობაში მყოფმა მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორობის „მსხვერპლია“. ჟურნალისტის თქმით, ის საქართველოში ილჰამ ალიევის ბიზნესს იძიებდა, რის გამოც თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს. საქართველოს ხელისუფლებამ ჟურნალისტის ბრალდებები მის საქმესთან სამართალდამცავი უწყებების კავშირის შესახებ უარყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გამოძიების შედეგები უცნობია.

მუხთარლის უფლებების დარღვევის საკითხს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. საჩივარი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ არის წარდგენილი.

 

ამ თემაზე:

ივანიშვილის მთავრობას საქართველოში ჩემი ჩასვლის ეშინია – აფგან მუხთარლი

„ფარული ექსტრადირების“ პრაქტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]