აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი 55 წლის მამაკაცია, რომელიც კლინიკა „მედინაში“ მკურნალობდა. სამინისტროს ცნობით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა იყო კრიტიკული, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ბრინქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი მეორე პაციენტი 43 წლის მამაკაცია, რომელიც თბილისში, ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მკურნალობდა. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, ბუბა შალამბერიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კლინიკაში სამი კოვიდ-პაციენტი გარდაიცვალა.
„სამივე მათგანს ჰქონდა მრავლობითი ქრონიკული დაავადება, მათ ფონზე მოხდა დაავადების გამწვავება. ერთი პაციენტი თავიდანვე კრიტიკული და მძიმე იყო. ორი პაციენტი იყო დაახლოებით 70 და 72 წლის, ერთი მამაკაცი იყო 43 წლის. ქალბატონთან იყო სიმსუქნე, გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი. დანარჩენ ორ პაციენტთან გადატანილი იყო თავის ინფარქტი. ქალბატონი გადმოვიდა ქუთაისიდან, ორი პაციენტი კი თბილისის სხვადასხვა კლინიკიდან“, – განაცხადა ბუბა შალამბერიძემ.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 196 აჭარაზე მოდის, 178 – თბილისზე.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 12 272 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 6538 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად, ამ დროისთვის, 93 ადამიანია გარდაცვლილი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი გუშინ 85 იყო.