weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამ ორ ადამიანს ბოდიშს ვუხდი – ეპისკოპოსი მელქისედეკი მელაშვილსა და ილიჩოვაზე

18:26 ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ბოდიშს უხდის აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისიის ყოფილ წევრებს - ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, რომლებიც ერთი კვირის წინ დააკავეს აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით.

როგორც ეპისკოპოსმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ვერ გაიგო ამ ორ ადამიანს რაში ადანაშაულებენ.

„კითხვები რომ არის, ეს სხვა საკითხია, უბრალოდ, როდესაც მოვისმინე ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება და თქვეს, რომ ველოდებით, გაიხსნება კარი და ბოდიშს მოგვიხდიანო, მე ამ ხალხს, ამ ორ ადამიანს მართლა ბოდიშს ვუხდი ასეთი დამოკიდებულების გამო. მე ვერ გავერკვიე რა ხდება. მე იმას ვამბობ, რომ მაგალითად,

როდესაც წმინდა სინოდის წევრმა არ ვიცი რა ხდება და ამავდროულად, საქართველოს ეკლესიის რიგითი სასულიერო პირი, რიგითი მღვდელი საუბრობს ამ თემებზე, ჩემთვის ეს მიუღებელია. ვინდაიდან 2014-ში ეს ყველაფერი უკვე იცოდნენ, 6 წლის განმავლობაში რატომ დუმდნენ“, - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კიდევ ერთმა წევრმა - ცურტაველმა მიტროპოლიტმა.

29 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების მანძილზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

7 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰექტარ ფართობს შეადგენს. პროკურატურა აცხადებს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც „არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში“.

საქმეში დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის კირიონის ჩვენებაც არის. როგორც პროკურორმა თქვა, სასულიერო პირმა გამოკითხვის დროს დაადასტურა, რომ „როცა საქართველოს და აზერბაიჯანის რუკის ალბომების გაცვლა ხდებოდა, სადაც საქართველოს პოზიცია იქნებოდა დაფიქსირებული, მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული“.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. დაკავებამდე ორი დღით ადრე, 5 ოქტომბერს, მელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სადავო რუკას ჯერ კიდევ 96-97 წლებში ჩაუტარდა ანალიზი უარი ითქვა მის გამოყენებაზე იმის გამო, რომ „შესაბამისობაში არ არის“.

„ანუ ზედ უამრავი ისეთი რამ არის - ვთქვათ, წერტილი წერტილს არ ემთხვევა, რკინიგზა რკინიგზას, სხვა მახასიათებლებს შორისაც არის სხვაობა რომ შეადარო სხვა რუკას. ისეთი სხვაობაა, რომელიც საფუძველს გაძლევს თქვა - ამ რუკის არგუმენტად, მით უმეტეს, მთავარ არგუმენტად გამოყენება საზიანო და მიუღებალია“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]