weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ციფრული უთანასწორობა საქართველოში - ქალაქში ყველაფერია, მთის სოფლებში არაფერი

17:55 შაბათი, 17 ოქტომბერი 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის სრულ ინტერნეტიზაციას 2014 წელს დაგვპირდა. 2015 წელს მთავრობამ განაცხადა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო, მაღალხარისხიანი და იაფი ინტერნეტი საქართველოს 2000-მდე სოფელში შევიდოდა და მოსახლეობის 91 %-სთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. საქსტატის 2020 წლის ივლისის მონაცემებით, სოფლად მოსახლეობის 36.6 %-ს ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთშია.

ინგა ხაჭვანის ოჯახში ხუთი შვილი და ერთი მობილური ტელეფონია. ბავშვები გაკვეთილებს ნახევარი საათით, მონაცვლეობით ესწრებიან. ოჯახი იძულებულია ერთი ტელეფონი გამოიყენოს, რაც კოვიდ 19-ის პირობებში, ონლაინ სწავლების დროს, განსაკუთრებით რთულია. ქვემო სვანეთის სოფელ ლეუშერში, სადაც ხაჭვანები ბოლო ოთხი წელია ცხოვრობენ, ქსელური ინტერნეტი არ არსებობს.

ხაჭვანების მსგავსად ქსელური ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 20 %-ზე მეტს არ აქვს. ქალაქებთან შედარებით სოფლებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, 2 5%-ს აღემატება და ეს მაშინ, როცა 2017 წლიდან ამ უფლებაზე ჩანაწერი კონსტიტუციაშიც კი ჩნდება - „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.“ (მე-17 მუხლი).

კოვიდ 19-მა სოციალური უთანასწორობის პრობლემა უფრო მეტად გამოკვეთა. მაღალი სიჩქარის ინტერნეტის გამო ქალაქში მცხოვრებლები უკეთეს განათლებას იღებენ, აქვთ თვითგანვითარებისა და ბიზნესის გადარჩენის მეტი შანსი, წვდომა სახელმწიფო სერვისებზე, ონლაინ დასვენებისა და გართობის საშუალება.

მეხუთეკლასელ ნინო ბენდელიანს ცეკვა უყვარს და სწავლას „იუთუბის“ დახმარებით ცდილობს, მაგრამ მის მშობლიურ სოფელ დურაშში ინტერნეტი იმდენად ცუდად იჭერს, რომ ამ სურვილის განხორციელება აუსრულებელ ოცნებად რჩება. სოფელი დურაში ქვემო სვანეთში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. აქ ერთადერთი გასართობი ტელევიზორია. კოვიდ 19-ის გამო ნინო ონლაინ გაკვეთილებს მხოლოდ კარგ ამინდში ესწრება. წვიმის დროს ბავშვები ინტერნეტს ვერ იჭერენ.

ინდირა ბენდელიანი სამი წელია რაც ლენტეხის რაიონის სოფელ ჩოლურის სკოლაში პედაგოგად მუშაობს. ქვემო სვანეთში ინტერნეტის არქონას მანამდეც განიცდიდნენ, ვიდრე პანდემია იქნებოდა, მაგრამ როცა სწავლება დისტანციური გახდა, ინდირას თქმით, მოსწავლეთა ნაწილი სასწავლო პროცესს მთლიანად გამოეთიშა. „არ არსებობს მობილური ინტერნეტკავშირი. Wi-Fi-ზე საუბარიც ზედმეტია. ბავშვები ვერ იღებენ იმას, რასაც სახელმწიფო განათლების ალტერნატიულ გზებს უწოდებს. არსებობს ისეთი სოფლები, სადაც ტელეფონიც არ იჭერს. არანაირი განათლების მიღება არ შეუძლიათ. იმიტომ, რომ მთის სოფლებში ვცხოვრობთ, დაჩაგრულები არ უნდა ვიყოთ“.

სოფელი ონჭევი ონიდან 8 კილომეტრითაა დაშორებული. 18 წლის გიორგი ტოგონიძე, პანდემიამდეც ამ მანძილს ყოველდღე ფეხით გადიოდა, რომ ონჭევიდან ონში ჩასულიყო და ქართულსა და ინგლისურში მომზადებულიყო.

„ხუთზე მქონდა ქართული, მანამდე ინგლისურზე ვიყავი. არანაირი ტრანსპორტი არ მხვდებოდა, არაფერი დადიოდა, სულ ფეხით ჩავდიოდი და ამოვდიოდი.

როგორია, ღამე მოდიხარ ონიდან, რვა საათზე, მარტო. იმის ფიქრი გაქვს სულ, რომ ან მგელი შეგხვდება, ან დათვი, ან შენ გადარჩები, ან ის ბოლოს. მოგვიწოდებენ, ონლაინ ისწავლეთო. უნდა ახვიდე გორაზე, ცოტა კარგად იქ იჭერს ინტერნეტი. არადა, ამ პრობლემის მოხსნა სახელმწიფოსთვის ძალიან მარტივია. უბრალოდ, გულთან უნდა მიიტანონ.

ინტერნეტი ცოტა სტიმულს მოგცემს, რომ გაჩერდე, ისწავლი, პროფესია გექნება, განვითარდები, ცოტა გაიხალისებ ცხოვრებას“, - გიორგის უყვარს რაჭა და მშობლიური კუთხის მიტოვება არ უნდა, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სამუშაო, არ არის ტრანსპორტი, არ არის ინტერნეტი: „მიყვარს აქაურობა და არ წავალ აქედან. ხანდახან, რომ გამოვსულვარ გარეთ, სულ არავინ არის სოფელში, აღარავინ დადის. აი, ადამიანს რომ დაელაპარაკო, ხანდახან ლაპარაკიც კი მოგენატრება, რომ ვიღაცას რაღაც უთხრა, იმანაც გითხრას. უნდა ეომო ბუნებას და საკუთარ თავსაც, რომ აჯობო რაღაცეებს, აქ რომ გაჩერდე“.

რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის სათემო ორგანიზაციების მონაცემებით, ამ რეგიონის 400-ზე მეტი სოფლიდან ქსელური ინტერნეტი საერთოდ არ არის 289 სოფელში, მობილური ინტერნეტი ხელმიუწვდომელია 60-მდე სოფელში, 250-ზე მეტ სოფელში დაბალი სიჩქარის მობილური ინტერნეტით სარგებლობაა შესაძლებელი. 22 სოფელში სუსტი მობილური სატელეფონო კავშირია, 8 სოფელში კი კომუნიკაცია საერთოდ არ არის.

ზესხო - ქვემო სვანეთშია, ლენტეხიდან 62 კილომეტრში. 2018 წლის შემოდგომამდე ზესხოს მუდმივი მცხოვრებლები ჰყავდა, ბევრი არა, სამნიღა იყვნენ. სახელმწიფოსა და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე დიდხანს გაძლეს. უგზოობა, უშუქობა, უტელეფონობა, ინტერნეტის არქონა - გადაუდებელ შემთხვევებში გარესამყაროსთან კავშირის ერთადერთი საშუალება სასაზღვრო პოლიციის რაციაა, ისიც მხოლოდ ზაფხულობით. სვანეთის კავკასიონზე რომ ჩამოთოვს, სოფელს მესაზღვრეებიც ტოვებენ.

26 წლის ამირან ქალდანი მშობლიურ ზესხოში 2 წელია რაც დაბრუნდა. ზაფხულობით მიწას ამუშავებს, კარტოფილი მოჰყავს და საქონელს უვლის. ამირანს ინტერნეტი რომ ჰქონდეს, მთებით გარშემორტყმული ულამაზესი სოფლის ფოტოებს სოციალურ ქსელებში გააზიარებდა, ტურისტებს მოიზიდავდა, გიდად იმუშავებდა, ფუტკრის მოშენებას ონლაინ ისწავლიდა. ამირანი ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ ზესხო არ მოკვდეს. ახლა კი მწვერვალზე უნდა ავიდეს მხოლოდ იმისთვის, რომ მობილურზე დარეკვა შეძლოს.

ინტერნეტის გარეშე დარჩენილი სოფლებიდან ვერც საგრანტო კონკურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობენ, რომ იდეების განსახორციელებლად საჭირო დაფინანსება მოიპოვონ. ინტერნეტის არქონა სოფლებში კიდევ უფრო ამცირებს სამოქალაქო აქტივიზმსა და ჩართულობას. რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის სოფლებიდან თვითმმართველობის ორგანოებში არცერთი პეტიცია არ არის წარდგენილი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად.

საყოველთაო ინტერნეტიზაცია - შეუსრულებელი დაპირება

ქვეყნის სრულ ინტერნეტიზაციას „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს პირველად 2014 წელს დაპირდა. პირველ არხთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე „საზოგადოება 2030“ იმუშავებდა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას რამდენიმე აქტივობა მოჰყვა: 2015 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ დააფუძნა.

„ქართული ოცნების“ 2015 წლის ბანერის მიხედვით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში საქართველოს 2000 სოფელში უნდა შესულიყო მაღალხარისხიანი და იაფი ინტერნეტი.

2016 წლის თებერვალში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციას დაახლოებით 150 მილიონი დოლარით ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებდა.

„ერთადერთი ქველმოქმედი, რომლის გარეშეც რეალურად ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მე ამ თემაზე მქონდა მასთან შეხვედრა და მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის, რადგან, ეს არის პროექტი, რომელმაც 15-20 წლით წინ უნდა წაწიოს ჩვენი ქვეყანა. პროექტის ღირებულება, დღევანდელი გათვლებით, არის 125 მილიონიდან 150 მილიონ დოლარამდე, რასაც ბატონი ბიძინა აბსოლუტურად უანგაროდ გვაძლევს“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამაში წერდა, რომ ააშენებდა 8000 კმ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც ქვეყნის მოსახლეობის 90 %-ზე მეტს ინტერნეტი ექნებოდა.

იმავე წლის 28 ივლისს, მთავრობამ საქართველოს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაც დაამტკიცა და საყოველთაო ინტერნეტიზაცია დაანონსა, რომლის შესრულებაც „ოუფენ ნეტს“ დაევალა.

„დაიწყო საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ჩვენს ხალხს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ მაღალსიჩქარიანი ხელმისაწვდომი ინტერნეტით. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უზრუნველყოფს განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების მიტანას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლების სკოლებში“, - აცხადებდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტისთვის სამშენებლო სამუშაოები არც 2016 წელს და არც მომდევნო 3 წლის განმავლობაში არ დაწყებულა.

2017 წლის დეკემბერში, „ოუფენ ნეტმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებული შესყიდვის უფლება მოიპოვა. კომპანიას ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესყიდვის მიზნით, 20 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა და სამუშაოები 126 დასახლებულ პუნქტში 2020 წლის ბოლომდე დაესრულებინა.

„ოუფენ ნეტის“ მიერ მიღებული დაფინანსების შესაბამისად, დაგეგმილია განხორციელდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთისა და ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხის მიმართულებით“, - წერია შესყიდვების სააგენტოს განკარგულებაში.

არც შესყიდვა განხორციელებულა და გამოცხადებული ტენდერიც ჩაიშალა.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მთავრობამ გაიმეორა იგივე, რაც 2016 წელს, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებს დაპირდა - ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში აშენდება 8000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დამატებით 800 ათასი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს და ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტთან წვდომა.

2019 წელს ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება, კერძო სექტორის კრიტიკის გამო შეფერხდა.

2020 საარჩევნო წლის მოახლოებასთან ერთად, დაპირებების ახალი ეტაპი დაიწყო. იანვარში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების სტრატეგია დაამტკიცა და საყოველთაო ინტერნეტიზაციაც ხელახლა დაანონსდა. პროექტს ამჯერად Log In Georgia ჰქვია, რომელიც 2025 წელს უნდა დასრულდეს. აგვისტოში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, რომ „მსოფლიო ბანკი“ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს 40 მილიონი დოლარით დააფინანსებდა და ათასამდე დასახლებული პუნქტი მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებდა. აგვისტოშივე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა ინტერნეტიზაციის პროექტში ფონდ „ქართუს“ როლსა და დამსახურებაზე ისაუბრა.

Log In Georgia-ს საპილოტე რეგიონად ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შეირჩა, სადაც სამუშაოებს შპს „პარვუს ჯგუფი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 10 მილიონი ლარია. კომპანიის დირექტორი და 50 % წილის მფლობელია სულხან ზუმბურიძე, რომელიც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარეა. 2014-2017 წლები სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 77 მილიონიანი ზარალით დაასრულა. სულხან ზუმბურიძის ხელფასი 2017 წელს 341 700 ლარი იყო, რაც თვეში 28 475 ლარს შეადგენს და საჯარო სექტორში „რეკორდული“ მაჩვენებელია. ზუმბურიძემ თანამდებობა 2018 წლის ოქტომბერში დატოვა და რამდენიმე თვეში, სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილ ტექნიკურ დირექტორთან, მამუკა პაპუაშვილთან ერთად, შპს „პარვუს ჯგუფი“ დააფუძნა.

ასე პომპეზურად, ორჯერ დაანონსებული ინტერნეტიზაცია, სინამდვილეში სულაც არ არის „საყოველთაო“. ეს პროგრამა მხოლოდ იმ დასახლებულ პუნქტებს მოიცავს, სადაც ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში კერძო კომპანია არ გეგმავს ინტერნეტის გაყვანას და სადაც მოსახლეობა მეტია ან ტოლია 200-ის.

საქართველოში 1586 ისეთი სოფელია, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200-ზე ნაკლებია.

რაკი მთავრობამ სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა, ასეთი სოფლებისთვის გამოსავალი სათემო ორგანიზაციების ჩამოყალიბება და მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირება გახდა.

მთის სათემო ქსელისა და მცირე სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით, დღეს, თუშეთში, ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში ინტერნეტი ხელმისაწვდომია.

2019 წელს, მთავრობამ ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტი 246 000 ლარით დააფინანსა, დაახლოებით 100 000 ლარით კი მთის სათემო ქსელს საერთაშორისო ორგანიზაციები დაეხმარნენ. ინტერნეტით დაიფარა 80-ზე მეტი სოფელი, მათ შორის 20-ზე მეტი ისეთი დასახლებული პუნქტი, სადაც მანამდე ტელეფონიც კი არ იჭერდა. ერთ-ერთი ასეთი სოფელია არდოტი, რომელიც საქართველო-ჩეჩნეთის საზღვართან მდებარეობს. ამ სოფელში ცხოვრობს ნიკო არდოტელი, რომლის ვიდეო ქვებთან მოლაპარაკე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ახლა, ნიკოს ინტერნეტიც აქვს და მოტივაციაც, რომ საზღვრისპირა ხევსურეთი არ მიატოვოს.  

„ხან სიზმარში მგონია თავი, რომ ოჯახს შეგიძლია ყოველთვის დაელაპარაკო. გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარები, ვინმეს გააგებინებ რა გვიჭირს. ამაზე დიდი სიკეთე არვიცი რა შეიძლება ყოფილიყო. თუ ასე მოვუფრთხილდებით ერთმანეთს, მაშინ ძლიერები ვიქნებით. ზღაპარია რა... არავინ მოიფიქრებდა ასეთ რამეს, რომ აქ, ამ ხევწყალში, მთას აქეთ, ასეთი კარგი საქმე გაკეთდებოდა“.

ნიკოს მსგავსად ოცნება აუხდა ნოდარ ტოხოსაშვილს. იგი უკანაფშავში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს და თანასოფლელებთან ერთად უკვე აქვს საშუალება ინტერნეტით მიიღოს პროფესიული განათლება, გაცვალოს ინფორმაცია და ტურიზმი განავითაროს:  

„Wi-Fi-ის ერა დაიწყო. ხარ სადღაც მთებში და შეგიძლია მისწვდე მთელ მსოფლიოს. 21-ე საუკუნეში ინტერნეტი ყველაფერს მოიცავს. ჰაერი და ინტერნეტი თითქმის თანაბარია და დღეს ორივე გვაქვს“.

ფშავ-ხევსურეთთან ერთად მსოფლიოს თუშეთიც მისწვდა. ინტერნეტიზაციის პროექტი აქ ამერიკულმა ორგანიზაცია „ინტერნეტსაზოგადოებამ“ დააფინანსა. ადგილობრივებმა სასტუმროების შესახებ ინფორმაცია Booking.com-ზე განათავსეს და ტურისტების რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა. ინტერნეტმა თუშეთში ცხოვრება შეცვალა.

ავტორები: ლაშა ორჯონიკიძე, ნინო აბდალაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]