weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სვანეთში ტყე იწვის, ხანძარი სოფელს უახლოვდება

22:25 კვირა, 18 ოქტომბერი 2020
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის თემში რამდენიმე საათია წიწვოვანი ტყე იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სოფელ იფხთან, დაახლოებით 5 კილომეტრშია და დასახლებულ პუნქტს უახლოვდება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაკვამლიანების შემჩნევისთანავე 112-ზე დარეკეს, თუმცა გარკვეული ხნის განმავლობაში დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. მათივე თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოები მაშინ დაიწყო, როდესაც ცეცხლი უკვე გაძლიერებული იყო.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი „რეგინფოსთან“ აცხადებს, რომ ხანძრის სოფლამდე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„ხანძარი ლატალის თავზე, ლატალიდან დაახლოებით 15 კილომეტრშია. ცეცხლი ხმელ ბალახს და მეჩხერ, წიწვოვან ტყეს უკიდია, თუმცა სოფელთან მიახლოების საშიშრობა არ არსებობს, რადგან იქვე ორი ღელე ჩამოდის და ცეცხლი ვერ გადმოვა“, – ამბობს კაპიტონ ჟორჟოლიანი.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ხანძარი საღამოს გაჩნდა, რის გამოც ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა ვერ მოესწრო. მისივე ინფორმაციით, მეხანძრეები ამ დრომდე მუშაობენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელი იფხი იმ ღელეს თავშია, რომელზეც მესტიის მერი საუბრობს. მათი თქმით, თუ ცეცხლი დროულად არ შეჩერდა დასახლებულ პუნქტამდე ავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის შესახებ 112-ში შესულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და ადგილზე 3  სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა.

„რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები“, – აცხადებს უწყება.

რამდენიმე დღის წინ ხანძარი გაჩნდა ლახამულის თემში შემავალ სოფელ დიზთან, კლდოვან ფერდობზე. როგორც დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ღია კერების ჩაქრობა უკვე მოხერხდა და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ამ დროისთვის ხანძრების გამომწვევი მიზეზი უცნობია.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]