weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რას ჰყვება ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ბანკზე თავდასხმის დროს მძევლად აიყვანეს

12:20 ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას მძევლად აყვანილმა ირაკლი კავარაცხელიამ გათავისუფლებისა და პოლიციაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ, თავდასხმის დეტალებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

სწორედ ირაკლი კვარაცხელია იყო ის მძევალი, რომელიც თავდამსხმელის მოთხოვნით ტელეკომპანია „პირველის“ და „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო და თავდამსხმელის მოთხოვნები გაახმოვანა.

„დამიზნებული ჰქონდა ავტომატი და მეუბნებოდა კონკრეტულად რა უნდა მელაპარაკა. მეც ვიმეორებდი მის ნალაპარაკევს“, – განაცხადა კვარაცხელიამ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ირაკლი კვარაცხელიას თქმით, 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბარათის ასაღებად იყო მისული და რიგში იდგა, როდესაც გასროლის ხმა გაიგო. როგორც კვარაცხელია ამბობს, შენობაში შეჭრილ თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა ეჭირა, რომელიც საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ბანკში მყოფ ადამიანებს კი უბრძანა, დაწოლილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დახოცავდა.

„დავინახე შეიარაღებული პირი შემოვარდა ბანკში და მაშინვე ხელყუმბარას მოხსნა დამცავი და დააგდო ძირს. ეს აშკარად დავინახე და უკვე გავაცნობიერე საფრთხის სიმძიმე. შემდეგ ამ ადამიანმა, კიდევ ორი გასროლა განახორციელა იმ ადამინის მისამართით, ვინც სავარაუდოდ გარედან იღებდა. თვითონ ასე თქვა, ამიტომ ვესროლეო. ამის შემდეგ მოითხოვა მენეჯერი, რომელიც არ იყო ადგილზე. ამის შემდეგ აგვიყვანა მესამე სართულზე, იქ დავბინავდით და შემდეგ მოითხოვა „112“-ში დარეკვა. ყველა მძევალს დაარეკინა „112“-ში.

ერთს მოსთხოვა, რომ დაერეკა „ტვ პირველში“, მან უთხრა, რომ არ ჰქონდა „ფეისბუქი“. შემდეგ სხვებს მიუტრიალდა, შემდეგ მოვიდა ჩემი რიგი და მე ვუთხარი რომ მქონდა „ფეისბუქი“. იქედან გამომდინარე, რომ მას ხელში ეჭირა ხელყუმბარა, გავაცნობიერე, რომ ამ წუთში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე იყო, რომ პოლიციას, სამართალდამცავებს დაეპირებინათ შტურმი, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ყველანი დავიღუპებოდით. ამიტომ

მნიშვნელოვანი იყო, მათ გაეგოთ, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ხელყუმბარა და ის იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი. ამაზე იყო ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული და ეს საფრთხე ნამდვილად არსებობდა.

თავიდან ის იყო ძალიან აგრესიული, მაგრამ საბედნიეროდ, ყველამ ერთად, ვინც მძევლად იყო, მოახერხა ის, რომ უფრო მეტად კომუნიკაბელური გახდა. 7 საათი ერთად ყოფნის განმავლობაში ზოგიერთი ხუმრობდა კიდეც. ცდილობდნენ, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ჩვენთან ადამიანურ ურთიერთობაში, საჭიროების შემთხვევაში გაჭირვებოდა ჩვენთვის სროლა“, – განაცხადა კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან.

კითხვაზე, როგორ შეარჩია თავდამსხმელმა ის ადამიანები, ვინც შენობიდან გაიყვანა, კვარაცხელიამ უპასუხა: „წაიყვანა ბიჭები, ალბათ, იმიტომ, რომ გაუადვილდებოდა ბიჭების მართვა, ვიდრე ქალების. ორმა ბიჭმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ გოგოები არ წაეყვანათ. მძარცველმა მესამე თვითონ დაასახელა“.

ირაკლი კვარაცხელიას თქმით, თავდამსხმელი ნიღბის გარეშე არცერთი წამი ყოფილა: „ხმას თუ გავიგონებ შეიძლება, მივამსგავსო გამტაცებლის ხმას. ძირითადად ინფორმაციას იღებდა მედიის საშუალებით. სამართალდამცავებს სხვა მძევლების საშუალებით ეკონტაქტებოდა. მძევალს სთხოვდა დარეკვას, ხმოვანზე ჰქონდა ჩართული და თვითონ ეუბნებოდა, რაც უნდა ეთქვათ. იყო შემთხვევები, როდესაც თვითონაც ჩაერთო საუბარში. მისი მთავარი მოთხოვნა იყო 500 000 და უსაფრთხო გასვლა“.

ირაკლი კვარაცხელია ტელეკომპანიის ეთერში გამოჩენის შემდეგ მასთან მიმართებაში დაწყებულ კამპანიასაც გამოეხმაურა:

„ვნახე რომ სრულიად ამორალური კამპანია წამოიწყო ზოგიერთმა ჯგუფმა. ჩემი აზრით, ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის, რაც დღეს მოხდა (ეს შეილება ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს), დიდი პრობლემაა ის სიბინძურე, გაუგონარი მარაზმი.

დიახ, მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. დიახ, მიმაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უკეთ შეუძლია მართოს ეს ქვეყანა და რა, ამის გამო ბანკში არ უნდა მივიდე? ქუჩაში არ უნდა გავიდე? საერთოდ გაუგონარი რამ ხდება“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ავთანდილ გალდავას და თქვა, რომ „მისი მეშვეობით აღარ არის მძევალი“.

21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

თავდამსხმელთან მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელს გამოსასყიდი თანხა გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა ოთხ ადამიანთან ერთად დატოვა და პოლიციის ავტომობილით უცნობი მიმართულებით წავიდა.

შსს-მ 22 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებული იქნა. დილის ხუთ საათზე კი უწყებამ განაცხადა, რომ გათავისუფლებულები იყვნენ ავთანდილ გალდავა და სამი მძევალი. თავად თავდამსხმელი გაიქცა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]