weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„თიბისი“ ბანკი ხომ არ გადაიხდიდა, „საქართველოს ბანკის“ თანხა იყო – გომელაური

18:08 ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ თანხა, რომელიც გამოსასყიდის სახით გუშინ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილ მძარცველს გადასცეს, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა არ არის.

„ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის. „საქართველოს ბანკის“ თანხაა. ეს ასე ხდება. მსოფლიოში ასე ხდება - ბანკში როცა შედიან და იყვანენ მძევლებს... ყველამ იცის და რაღას მეკითხებით. „თიბისი“ ბანკი ხომ არ გადაიხდიდა, „საქართველოს ბანკში“ იყვნენ შესულები ხალხი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან გომელაურმა.

მისივე თქმით, მძარცველს თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ გადასცა.

„პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე. არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად - იქნება 10 მილიონი თუ 100 მილიონი. დასამალი რა არის, კი ბატონო, შესრულდა [მძარცველის ულტიმატუმი]. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო. თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა და დასამალიც არ არის - იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი“, – განაცხადა შს მინისტრმა.

გუშინ, 21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

თავდამსხმელთან მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელს გამოსასყიდი თანხა გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა ოთხ ადამიანთან ერთად დატოვა და პოლიციის ავტომობილით უცნობი მიმართულებით წავიდა.

შსს-მ 22 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებული იქნა. დილის ხუთ საათზე კი უწყებამ განაცხადა, რომ გათავისუფლებულები იყვნენ ავთანდილ გალდავა და სამი მძევალი. თავად თავდამსხმელი გაიქცა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]