weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დამნაშავე დაგვეკავებინა – შს მინისტრი ზუგდიდის თავდასხმაზე

18:34 ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამართალდამცავებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაეკავებინათ მამაკაცი, რომელმაც გუშინ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. გომელაურის თქმით, მისი დაკავება წუხელვე ვერ შეძლეს, რადგან ადამიანების სიცოცხლეს ვერ გაწირავდნენ.

„ჩვენმა სამინისტრომ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ არავინ დაშავებულიყო. თქვენ ნახეთ, რომ ეტაპობრივად იყო გამოშვებები – 14 კაცი, მერე 7 კაცი, მერე 9 კაცი და ა.შ.

ჩვენ შევთავაზეთ – გამოგყვებით 5 კაცი, 10 კაცი, რამდენიც გინდა. მან უარი გვითხრა. თავიდან საერთოდ უარი გვითხრა, შემდეგ დაგვთანხმდა ერთ ადამიანზე. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოხლე გაწირა. ეს ადვილი საქმე არ არის და არც ჩემთვის იყო ადვილი თანამშრომელი გამეგზავნა, ეს ადამიანი იქიდან ან დაბრუნდებოდა ან არა ცოცხალი. ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე. ბატონი ავთოსთვისაც იყო ძალიან მძიმე და რთული თემა, თუმცა ერთი წამითაც კი არ უთქვამს უარი და წარბი არ შეუხრია. უარი უთხრა [დამნაშავემ] მარტო მასთან ერთად წასვლაზე. წაიყვანა მძევლები – 3 ადამიანი.

მანქანით რამდენიმე საათი მოძრაობდნენ, რომ მიმალულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, თუმცა რთული იყო. ვერ გავწირავდით ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეს. ის მანქანიდან გადავიდა და მიიმალა, გამთენიისას“, – განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, ჰყავდა თუ არა თავდამსხმელს ბანკში თანამზრახველები, გომელაურმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

„ძალიან ბევრი ვერსიები გავრცელდა, თუმცა ვერ დავადასტურებ, რა თქმა უნდა. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. შეიძლება იქ, 43 ადამიანში, 10 ადამიანი იყო მისი თანამზრახველი. გამოძიება მიდის. არ შეიძლება წინასწარ რაღაც დააბრალო ადამიანს. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა არ უპასუხა შეკითხვას – იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი და სად მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები.

„შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ ჩემმა ერთმა სიტყვამაც შეიძლება გამოძიებას ხელი შეუშალოს და გაფუჭდეს თემა. პირველი ამოცანა იყო ადამიანების გადარჩენა, 43 ადამიანი გავათავისუფლეთ, არავინ დაშავებული არ არის. მეორე ეტაპია ეს ადამიანი დავიჭიროთ, დავაკავოთ და დავსაჯოთ“, – განაცხადა გომელაურმა.

გუშინ, 21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

თავდამსხმელთან მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელს გამოსასყიდი თანხა გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა ოთხ ადამიანთან ერთად დატოვა და პოლიციის ავტომობილით უცნობი მიმართულებით წავიდა.

შსს-მ 22 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებული იქნა. დილის ხუთ საათზე კი უწყებამ განაცხადა, რომ გათავისუფლებულები იყვნენ ავთანდილ გალდავა და სამი მძევალი. თავად თავდამსხმელი გაიქცა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]