ყოფილი მძევლის აზრით, თავდამსხმელმა არ იცოდა, რა მიმართულებით წასულიყო.
„არანაირი ძალადობა არ იყო, მან თვითონ გვკითხა, ვინ მოდიხართ ჩვენთანო. ავთოს გარდა კიდევ სამი მძევალი უნდა ყოფილიყო. ჩვენ თვითონ გამოვხატეთ სურვილი, ვინაიდან სულ ქალები იყვნენ. შეგვბოჭა და ჩაგვსვა მანქანაში. საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა. ის დასვა. თვითონ მე გვერდით ამომიჯდა. ერთი მძევალი გვერდით მეჯდა და იმის გვერდით იჯდა ბატონი ავთო.
თვითონაც კონკრეტულად არ იცოდა სად წასულიყო – ერთხელ გვითხრა, რომ წავედით წალენჯიხისკენო და წავედით, მერე იქით გადავუხვიეთ, მერე – აქეთ. უკან აკვირდებოდა ვინმე მოსდევდა თუ არა, მაგრამ ბატონი ავთო ყველანაირად პირდებოდა, ეცადა დაერწმუნებინა ეს კაცი, რომ არავინ მოსდევდა და თავისთვის ცუდი შედეგი არ დადგებოდა“, – განაცხადა ლაშა შენგელიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, თავდამსხმელი მძევლებთან ერთად ავტომობილით რამდენიმე საათის განმავლობაში გადაადგილდებოდა, შემდეგ კი, გამთენიისას მანქანიდან გადავიდა და მიიმალა.
„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, თუმცა რთული იყო. ვერ გავწირავდით ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეს. ის მანქანიდან გადავიდა და მიიმალა, გამთენიისას“, – განაცხადა გომელაურმა.
დამნაშავის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ამ თემაზე:
რას ჰყვება ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ბანკზე თავდასხმის დროს მძევლად აიყვანეს