ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, 70 წლის ქალი დაავადების დადგენიდან მეორე დღესვე გადაიყვანეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. მას თანმხლები დაავადება - შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.
19 ოქტომბერს ახალქალაქის სასწარაფო სამედიცინი დამხმარების 18 თანამშრომლიდან კორონავირუსი 13-ს ჰქონდა დადასტურებული. გუშინ ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა. Jnews-ის თანახმად, ამჟამად ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადა მუშაობს, მეორეს კი ნინოწმინდის სასწრაფო დახმარების სამსახური ცვლის.
ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა. მან პაციენტის გარდაცვალების მიზეზებზე არ ისაუბრა.
„ძალიან ვწუხვართ, რომ დავკარგეთ ერთი კოლეგა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ექიმებს, როგორც ჩვენს ყველა სხვა მოქალაქეს, სჭირდებათ გაფრთხილება. ამას ეფუძნებოდა ჩვენი ის თხოვნები და მოწოდებები - დავიცვათ დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ ყველა ის მითითება, რომლის დაცვისკენაც უკვე 9 თვეზე მეტია მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს. თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, მე არ ვსაუბრობ მიზეზებზე, ვინაიდან ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, ჩემთვის ამაზე საუბარი არის მიუღებელი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გუშინ 1928 ახალი შემთხვევა იყო. ამ ორი დღის განმავლობაში გარდაიცვალა 22 კოვიდ-პაციენტი.