weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„უჯიშო რომ ვყოფილიყავი, მესამეჯერ დეპუტატი არ ვიქნებოდი“ - ვინ არიან მთიანი აჭარის კანდიდატები

11:48 ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020
ფოტოზე ანზორ ბოლქვაძე ფოტოზე ანზორ ბოლქვაძე

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქვედა ჯოჭოში 1-ლი ოქტომბრის ღამეს ჩამოწოლილმა მეწყერმა ხუთი ადამიანი იმსხვერპლა. მთავრობას სტიქიის საფრთხეზე ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა - გეოლოგებმა ტერიტორია შეისწავლეს და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ურჩიეს. აჭარის მთიანი რეგიონი მეწყერსაშიში ზონაა და აქ სტიქიების დროს არაერთი ადამიანი დაღუპულა. მთავრობები იცვლება, მაგრამ ადგილობრივები ისევ მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ და საკუთარ სახლში დაძინების ეშინიათ. ქვედა ჯოჭო და სხვა მაღალმთიანი სოფლები ხელვაჩაურის, ქედას, შუახევისა და ხულოს საარჩევნო ოლქს ეკუთვნის. 31 ოქტომბერს ამ მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებმა არჩევანი 19 მაჟორიტარ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ.

ანზორ ბოლქვაძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

როგორ არ მომხდარა რეაგირება, შეიძლება ასე ყველაფერზე ილაპარაკო, მაგრამ ღმერთი ზეიდან იყურება. გზა მიიყვანეს, წყალი მიიყვანეს, რაც დასჭირდა მისცეს და ახლა მეწყერი თუ განვითარდებოდა, ამის წინასწარი მონაცემები არავის ჰქონდა

ასე უპასუხა „მარადიულმა დეპუტატმა“, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ „ბათუმელების“ ჟურნალისტის კითხვას - რატომ ვერ შეცვალა ხელისუფლებამ ვერაფერი იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ გეოლოგების დასკვნები და იცოდნენ, რომ საშიშ ზონაში ცხოვრობდნენ.

მე მოვიძიე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა ამ ოჯახს გეოლოგების დასკვნა ჰქონდა, მაგრამ ეს არ მოიძებნა,“ - აღნიშნა ბოლქვაძემ. არადა, „ბათუმელებს“ ამ საკითხზე რამდენიმე მასალა აქვს მომზადებული და თანდართულ დოკუმენტებში მითითებულია როგორც გეოლოგის სახელი და გვარი, ისე განმცხადებლის ვინაობა და დოკუმენტაციის მომზადების თარიღი - 2012 წელი. იმის შესახებ, რომ მეწყრულ პროცესებზე მთავრობას ინფორმაცია ჰქონდა, „მთის ამბებმა“ ინფორმაცია სტიქიის დღესვე გაავრცელა.

2 ოქტომბერს ანზორ ბოლქვაძემ, სოციალურ მედიაში მომხდარის შესახებ მწუხარება მოკლე პოსტის საშუალებით გამოთქვა. მომდევნო დღეს მან უკვე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი გააზიარა და მეტი ამ ტრაგედიის შესახებ თავის ოფიციალურ გვერდზე აღარ უსაუბრია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ქვედა ჯოჭოს მოსახლეობასაც შეხვდა და შეხვედრის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

„მარადიული დეპუტატი“ ანზორ ბოლქვაძე 12 წელია პარლამენტის წევრია და ყოველთვის ცდილობს იმ პარტიას შეუერთდეს, რომელიც ხელისუფლებაში მოდის. 2008 წელს პარლამენტში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შევიდა და 2012 წლამდე თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც იკავებდა. მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ბოლქვაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და პარლამენტში მოღვაწეობა ახალ მმართველ პარტიასთან ერთად გააგრძელა.

არჩევნების შედეგების მიხედვით ანზორ ბოლქვაძის რეიტინგი წლების განმავლობაში შემცირდა. 2008 წლის არჩევნებში ბოლქვაძემ ხულოს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ხმების 67% აიღო. 2012 წელს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა 57.9%-ით გაიმარჯვა. 2016 წლის არჩევნებზე ბოლქვაძე უკვე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და მან ამომრჩეველთა ხმების 51.7% მიიღო.

ქვედა ჯოჭოში სტიქიამდე რამდენიმე თვით ადრე, ირაკლი კობახიძემ, ანზორ ბოლქვაძე წარადგინა როგორც „მაჟორიტარი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ზრუნვით მისი რეგიონისა და მოსახლეობის მიმართ.“ არადა პარლამენტში გატარებული 12 წლის მიუხედავად, ბოლქვაძე კანონშემოქმედებითი საქმიანობით არ გამოირჩევა. „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, მან პარლამენტში განსახილველად სულ 5 ინიციატივა წარადგინა. აქედან ორ შემთხვევაში იყო უშუალოდ ინიციატივის ავტორი, ერთის დამოუკიდებლად, მეორის - ჯგუფთან ერთად. 2015 წელს დამოუკიდებლად წარდგენილი ინიციატივით ბოლქვაძე „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ კანონში აჭარის მაღალმთიანი სოფლების ნაწილის დამატებას ითხოვდა, რაც პარლამენტმა დაამტკიცა.

ბოლქვაძის მაჟორიტარობა შესაძლოა უფრო მის ნათესავებს გამოადგათ. „რა სარგებელი მოაქვს მაჟორიტარ ბოლქვაძეს ნათესავებისთვის და დაახლოებული პირებისთვის,“ - ამ სათაურით კვლევა „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ 2020 წლის ივნისში გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა 2016-2020 წლებში აჭარაში სახელმწიფო შესყიდვებიდან 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღეს. 98 შესყიდვიდან 73 აჭარის საგზაო დეპარტამენტმა გააფორმა, რომლის მაღალჩინოსანიც ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძეა. 24 შემთხვევაში კი შემსყიდველები ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები არიან - ბოლქვაძე ამ რეგიონის მოქმედი მაჟორიტარია.

კვლევის საპასუხოდ ანზორ ბოლქვაძემ მაშინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ ის არავის ტენდერში არ ჩარეულა. 

უნათესავო და უჯიშო რომ ვყოფილიყავი, მესამეჯერ პარლამენტის წევრი მე ნამდვილად არ ვიქნებოდი. ნათესავიც მყავს, ბიძაშვილიც მყავს, მეგობარიც მყავს, მეზობელიც მყავს და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი ვიცი, ყველას მისი ცხოვრება აქვს, ყველა თავისი ცხოვრებით იკაფავს გზას.“

 რამდენიმე თვით ადრე, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ ბოლქვაძის 2019 წლის დეკლარაცია შეისწავლა და დარღვევები გამოავლინა. ბოლქვაძე 2017 წლიდან რეგისტრირებული შპს „გოდერძი დეველოპმენტის“ 50% წილის მფლობელი იყო, თუმცა წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია, რითაც არღვევდა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს. მეტიც, დეპუტატს აღნიშნული სამეწარმეო საქმიანობა დეკლარირებულიც არ ჰქონდა, რაც ასევე კანონის დარღვევაა.

„ბათუმელებთან“ საუბრისას მაშინ ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ შპს „გოდერძი დეველოპმენტის“ მეწილე არ იყო, მისი საქმიანობიდან შემოსავალი არ მიუღია, კომპანიაც უმოქმედო იყო და ამ ყველაფრის დამადასტურებელ დოკუმენტაციას მალე წარადგენდა. იმავე დღის საღამოს, ანზორ ბოლქვაძემ საჯარო რეესტრში განცხადება მართლაც შეიტანა, რომ თავისი კუთვნილი წილი სამართავად არჩილ ბოლქვაძესთვის გადაეცა. 8 ივნისს საჯარო რეესტრმა საქმის წარმოება შეწყვიტა, რადგან დაინტერესებულმა მხარემ არ წარადგინა დოკუმენტაცია - წილის 50%-ს გადასცემდა თუ 50%-იან წილს.  საინტერესოა ის, რომ 2020 წლის 26 ივნისს, ანზორ ბოლქვაძემ გადაიფიქრა წილის სამართავად გადაცემა და თავისი კუთვნილი 50% შპს „გოდერძი დეველოპმენტის“ მეორე მეწილეს, შპს „ჰელისკი ჯორჯიას“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიჰყიდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით დღეს ანზორ ბოლქვაძის სახელზე კომპანია არ ფიქსირდება.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ იმასაც წერდა, რომ ბოლქვაძემ ცოლისა და შვილის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ დეკლარაციაში არ მიუთითა. აღნიშნული ბოლქვაძემ 2020 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში გამოასწორა.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, ანზორ ბოლქვაძე ფლობს საცხოვრებელ სახლს, მიწის ნაკვეთსა და ავტოფარეხს ხულოს რაიონში და არასაცხოვრებელ ფართს დაბა ხულოში, ხოლო მისი მეუღლე, თინა ბოლქვაძე - ბინას თბილისში და არასაცხოვრებელ ფართს დაბა ხულოში. თუმცა თინა ბოლქვაძის ქონება ამით არ შემოიფარგლება. „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაში ეწერა, რომ 2019 წლის დეკლარაციაში ბოლქვაძეს მეუღლის 4 უძრავი ქონება არ ჰქონდა მითითებული. დეპუტატმა ეს ხარვეზი 2020 წლის დეკლარაციაში ნაწილობრივ გამოასწორა და მეუღლის ორი ქონება ჩაწერა. თუმცა მაინც არ მიუთითა, რომ თინა ბოლქვაძე ასევე ფლობს ბინას ბათუმში და სარდაფს ხულოში.

დეკლარაციების ხარვეზებით შევსების გარდა, ანზორ ბოლქვაძემ საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ 2019 წელს მიიპყრო, როცა მისი ოჯახის კუთვნილი სასტუმროდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს ხათუნა ბერიძეს აძევებდა. ბერიძემ ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „თავისუფალი ბრძანდებით. ეს ჩემი საკუთრებაა და გახვალთ აქედან. წადით, მედავეთ“, – ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიდეოში. ამის შემდეგ დეპუტატის თანმხლები პირები ბერიძეს ეუბნებიან რომ „შეიქმნა უხერხულობა“, მან სასტუმრო უნდა დატოვოს და ოთახის დაქირავებისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას სთავაზობენ. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით მაშინ ბოლქვაძემ და სასტუმროს ადმინისტრაციამ მომხდარზე კომენტარი არ გააკეთეს. 

ჯამბულ ხოზრევანიძე - „ლელო საქართველოსთვის“

„მწუხარებას გამოვხატავ ჯოჭოში მომხდარი ტრაგედიის გამო“.

ანზორ ბოლქვაძის მსგავსად, ჯამბულ ხოზრევანიძემაც სოფელ ჯოჭოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე მწუხარება გამოთქვა და იმავე დღეს „ლელოს“ წინასაარჩევნო კლიპიც გააზიარა. ტრაგედია ხოზრევანიძემ კიდევ ერთხელ 24 ოქტომბერს ახსენა, მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ჯოჭოს მოსახლეობას შეხვდა.

ჯამბულ ხოზრევანიძე, რომელიც „ლელოს“ გუნდს ახლახანს შეუერთდა, დიდი ხანია საჯარო სამსახურში მუშაობს. 2018 წლიდან აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო და თანამდებობა წარდგენამდე ერთი დღით ადრე დატოვა. მანამდე, 2014-2017 წლებში ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ხოლო 2004-2005 წლებში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

ჯამბულ ხოზრევანიძისა და ანზორ ბოლქვაძის მეტოქეობა მიმდინარე წლის არჩევნებზე არ დაწყებულა. ისინი ერთმანეთს 2016 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში ბოლქვაძის პოლიტიკური წარსულის გამო დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ, რაც ბოლქვაძე „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, ხოზრევანიძემ მას სოციალურ ქსელში „პორტირებული ნაცი“ და „მედროვე ფეოდალი“ უწოდა. მაშინ თავად ხოზრევანიძეც „ქართული ოცნების“ წევრი იყო. იმავე დღის საღამოს მან სტატუსი წაშალა. ხოლო „ბათუმელებთან“ საუბრისას ბოლქვაძემ განაცხადა, რომ ხოზრევანიძე იმიტომ დაუპირისპირდა, რომ მას თავად სურდა აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარი ყოფილიყო.

 იმიტომ კი არ ვარ დღეს ისევ კანდიდატი, რომ კარგი პოლიტიკოსი ვარ. ხალხთან ვარ და ამიტომ შემარჩიეს“, - ამბობდა მაშინ ბოლქვაძე.

რამდენიმე წლის შემდეგ, როცა „ლელომ“ ჯამბულ ხოზრევანიძე მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, მან აღნიშნა, რომ დღეს ხელისუფლებაში ისევ ის ადამიანები არიან, რომლებმაც 2005-2012 წლების რეჟიმი შექმნეს.

2005 წლიდან ვიბრძოდი უკეთესი საქართველოსთვის. 2016 წელსაც გამოვთქვი უკმაყოფილება იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ჩემს იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ ხოზრევანიძის 2018 წლის 2 მარტს შევსებულ დეკლარაციაში ხარვეზები აღმოაჩინა. მინისტრის მოადგილეს არ ჰქონდა მითითებული, რომ შპს „სენეს“ 100%-იან და შპს „ჯთას“ 50%-იან წილს ფლობდა. გარდა ამისა, კანონმდებლობის შესაბამისად მას ეს წილები სხვა პირზე მართვის უფლებით გადაცემული არ ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ ხოზრევანიძემ შპს „სენეს“ 100%-იანი წილი და შპს „ჯთას“ 50% წილი ივანე ვალიჯანაშვილს 1000-1000 ლარად მიჰყიდა. 

ტარიელ ნაკაიძე - „ევროპული საქართველო“

 მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუთანაგრძნობთ სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი უბედურებებისგან.

ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ტარიელ ნაკაიძე, სოფელ ჯოჭოში მომხდარ სტიქიას. იმავე დღეს მან „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან ერთად სოფელი მოინახულა და იმ ადგილას მივიდა, სადაც მეწყერმა ორსართულიანი სახლი დამარხა. იმავე დღიდან ნაკაიძემ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა თავის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება.

ბოლქვაძისა და ხოზრევანიძისგან განსხვავებით პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამს ტარიელ ნაკაიძე, რომელიც „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარეა. „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ კულტურულ-რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მუსლიმებს. თავმჯდომარის პოსტი ნაკაიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებოდა.

ტარიელ ნაკაიძეს საზოგადოება იცნობს როგორც ბათუმში მეჩეთის აშენების აქტიურ მომხრეს. მეტიც, ნაკაიძე იმ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელიც იყო, რომელიც ბათუმში მეჩეთის აშენებას ითხოვდა. მეჩეთის მშენებლობის საკითხი დაახლოებით 15 წელია რაც აქტუალურია. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით ბათუმში მცხოვრები 152 839 მოქალაქიდან, 38 772 მუსლიმია.

2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი მუსლიმებს დაჰპირდა, რომ მეჩეთის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს გადასცემდა და მზად იყო რომ 30 მილიონის შემოწირულებაც გაეღო. მოგვიანებით, მუსლიმთა სამმართველომ და რელიგიის საკითხთა სააგენტომ ახალი მეჩეთის აშენების ნაცვლად, არსებულის, „ორთა ჯამეს“ რეაბილიტაცია გადაწყვიტეს.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პირობა არ შეასრულა, ადგილობრივმა მუსლიმებმა სახალხო მოძრაობა - „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“ ჩამოაყალიბეს და სამი კვირის შემდეგ მის ხელმძღვანელად სწორედ ტარიელ ნაკაიძე აირჩიეს. ჯგუფმა ნაკვეთი შეისყიდა, მაგრამ მერიისგან მშენებლობაზე უარი მიიღო, რის შემდეგაც მათ მეჩეთი ღია ცის ქვეშ გახსნეს. უკვე წლებია მუსლიმთა თემმა მშენებლობის ნებართვა ვერ მიიღო. მაშინ ტარიელ ნაკაიძის აქტიურობას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. სოციალურ ქსელებში მას „მოღალატესა“ და „თურქეთის“ აგენტს უწოდებდნენ. ბათუმელებისთვის მიცემულ ინტერვიუში ნაკაიძემ აღნიშნა, რომ მისი გამარჯვება შესაძლოა მეჩეთის მშენებლობისთვის სასიკეთო აღმოჩნდეს. რელიგიის გამო ნაკაიძის მიმართ სოციალურ ქსელში კრიტიკა დღესაც გრძელდება.

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ გარდა, ტარიელ ნაკაიძის სახელი კიდევ რამდენიმე ორგანიზაციას უკავშირდება. ის ა(ა)იპ „თარგმანის განვითარების ცენტრის“ და ყურანის ქართულად თარგმნისა და ისლამის მეცნიერული კვლევის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორია. ასევე შპს „თარჯიმანისა“ და საქართველოს ჰალალის სერთიფიკატის ასოციაციის დირექტორია. ფლობს წილებს შპს „თარჯიმანში“ და შპს „TRANSLATION CENTER“- ში. ნაკაიძე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის დამფუძნებელიცაა და 2010 წლიდან დარეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. რაც შეეხება უძრავ ქონებას, ტარიელ ნაკაიძე ფლობს სამ მშენებარე და ერთ დასრულებულ ბინას ბათუმში და ერთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს. 

მიშა ბოლქვაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“

უყურადღებოდ მიტოვებული მოსახლეობა! ადამიანები ცხოვრობენ მეწყერსაშიშ ზონაში და მთავრობა არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, რის შედეგადაც მივიღეთ სოფელ ჯოჭოში მომხდარი ტრაგედია.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, მიშა ბოლქვაძე 1 ოქტომბრის სტიქიის ღამეს იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც სოფელ ჯოჭოში მეწყერმა თედორაძეების სახლი ჩაიტანა. მან საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ლაივი ჩართო და აჩვენებდა, როგორ ელოდებოდნენ ადგილობრივები სამაშველო სამსახურის მოსვლას. იმავე დღის საღამოს, მიშა ბოლქვაძემაც, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატების მსგავსად, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა პოსტების გამოქვეყნება და თავისი პარტიის წინასაარჩევნო ხუთპუნქტიანი გეგმა გააზიარა. მომდევნო დღეებში მან სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლები მოინახულა და მოსახლეობას ესაუბრა.

ბოლქვაძე 2010-2011 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწედ. 2011 წლიდან კი ხელვაჩაურის საკრებულოში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ხელმძღვანელობდა. 2017 წელს კი კაზინო „ლეოგრანდის“ დაცვის თანამშრომელი იყო. მიშა ბოლქვაძე არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და საჯარო რეესტრის მონაცემებით მის სახელზე ქონება არ არის რეგისტრირებული. 

ზორბეგ ბერიძე - „პატრიოტთა ალიანსი“

ზორბეგ ბერიძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სოფელ ქვედა ჯოჭოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

33 წელი უშიშროების სისტემაში მუშაობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზორბეგ ბერიძემ პარლამენტის წევრობა გადაწყვიტა. უშიშროების სამინისტროს გაუქმების შემდეგ 2013 წლამდე კონტრდაზვერვაში იყო, მათ შორის კონტრდაზვერვის უფროსად აჭარის მაღალმთიანეთში. „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ზორბეგ ბერიძე აღნიშნავს, რომ მისი მაჟორიტარობის კანდიდატად დანიშვნა სწორედ სამუშაო გამოცდილებამ განაპირობა.

„მე კონტრდაზვერვის უფროსი ვიყავი და თითოეული ოჯახის პრობლემა ვიცი, დაწყებული ხელვაჩაურის საზღვრიდან დამთავრებული ადიგენის ტერიტორიამდე.“

რაც შეეხება მის სამეწარმეო საქმიანობას, ზორბეგ ბერიძე არის 2017 წელს დარეგისტრირებული შპს „ჯორჯიან ეტალონის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი. ბერიძე ფლობს სამ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის მეურნეობაში, ერთს - ბათუმში და ასევე, ორ ბინას ბათუმში.  

გიორგი გაბაიძე - „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“

მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა სოფელ ქვედა ჯოჭოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. მოცემული გარემოება - სტიქიური მოვლენა, ეპიდ. სიტუაცია, არაჯანსაღი ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ქართველებს ერთმანეთზე ძვირფასი არავინ გვყავს.“

საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მწუხარება გამოთქვა „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი გაბაიძემ და იმავე დღეს პარტიის საარჩევნო პროგრამაც გააზიარა. გაბაიძე საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და ბათუმის ლიტერატურული კლუბის დამფუძნებელია. მას სამი პოეტური კრებული აქვს გამოცემული. 2012 წელს მიიღო ღირსების მედალი აჭარის განათლებისა და კულტურის სფეროს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2014 წლიდან კი ბიზნეს კომპანიებში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა.  სხვა კანდიდატებთან ერთად ალეკო ელისაშვილმა გიორგი გაბაიძე 15 ოქტომბერს წარადგინა. სიტყვით გამოსვლა გაბაიძემ ბავშვობის მოგონებებით დაიწყო და პოეტ ზურაბ გორგილაძის სტროფით დაასრულა:

რაღა დროის... დამტვრევიათ რქები ხარებს, სხვის უღელში და გუთანში ნაბამთ, უპირველეს! - შენს ქვეყანას მოუარე, დამბადებელს ემსახურე, ბაბა!

ცესკოს მონაცემებით, 30-ე ოლქში 96 858 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათი ხმების მოპოვებას ჩამოთვლილი კანდიდატების გარდა შეეცდებიან ზურაბ ხიმშიაშვილი პარტია „თეთრებიდან“, ნუკრი ბასილაძე „მომავალი საქართველოდან“, ნინო ბოლქვაძე „გაჩეჩილაძე-მწვანეთა პარტიიდან“, ბადრი შაინიძე „ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანიდან“, ოთარ შაინიძე „ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველოდან“, ამირან მალაყმაძე „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან“, ქეთინო გეჯაძე „საქართველოდან“, დალი ტაკიძე „თავისუფალი საქართველოდან“, ზურაბ ცინცქილაძე „ქართული ფესვებიდან“, ეკატერინე იარღანაშვილი „შეცვალე საქართველოდან“, ნაბი დოლიძე „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობიდან“, გურამ გოგიტიძე, რომელიც „ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი-ქართულ იდეას“ წარმოადგენს და ზვიად კვირიკაძე „ქართული ტრიბუნა - ქდმ“-დან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]