თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. მიკროავტობუსს, რომელიც თბილისიდან ზუგდიდში მიდიოდა, სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გაჩერებული იყო. ადგილზე გარდაიცვალა 5 ადამიანი, ხოლო 11 დაშავდა.
მიკროავტობუსში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ისხდნენ. ისინი თბილისში გამართული აქციიდან შინ ბრუნდებოდნენ.
„შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ, საქართველომ დაკარგა პატრიოტი ადამიანები, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს! დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი.
მომხდარს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.
„მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ“, – განაცხადა გახარიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამ თემაზე:
გორთან, ავტობანზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ტრაილერის მძღოლი დააკავეს