weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცესკოსთან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია გაიმართა

18:03 ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2020

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა თბილისში, ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან აქცია გამართეს. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, არჩევნები გაყალბებულია და ეს არის ბოლო წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეძლო.

„ბატონ ბიძინას, მის მონებს არ ეყოთ ხალხის მანდატი და გადაწყვიტეს არჩევნები გაეყალბებინათ. პირველად და დიდი ალბათობით უკანასკნელად, 100%-ით ვეთანხმებით ბატონ კობახიძეს - ქალბატონი გამყალბებელი ჟვანია უდავოდ იმსახურებს ჯილდოს, თან არაერთს.

ქალბატონო თამარ, ძალიან დიდი შეცდომა იყო არა რომელიმე პარტიის ხმების მოპარვა, არა რომელიმე პარტიის დახმარება, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი ნების მოპარვა. ამ კანონდარღვევას, სისხლის სამართლის დანაშაულს სამოქალაქო საზოგადოება არცერთ შემთხვევაში არ გაატარებს არც ახლა და არც ერთი შემდეგი მთავრობის დროს“, – განაცხადა მაქარაშვილმა.

„სირცხვილიას“ აქტივისტებმა „თამარ ჟვანიას დაჯილდოვება“ მოაწყეს. „ჯილდოებს“ შორის, რაც ამ პერფორმანსის ფარგლებში ცესკოსთან მიიტანეს, „ჩრდილოეთ კორეის ვიზა“, საანგარიშო ჩოთქი და მათემატიკის პირველი კლასის სახელმძღვანელოც იყო.

„როგორც ჩანს, ათის ფარგლებში მიმატება-გამოკლება უჭირთ და როცა ეს ქალბატონი წაბრძანდება ციხეში, ბევრი დრო ექნება პირველი კლასის მათემატიკა შეისწავლოს“, – თქვა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა.

გუშინ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა აღიძრას თუ არა თამარ ჟვანიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, განაცხადა, რომ ჟვანიას შეურაცხყოფის მოთმენისთვის ჯილდო ეკუთვნის.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო.

ცესკოს მიერ დათვლილ შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალხვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით (3847 უბნიდან დათვლილია ყველა), 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 1%-იანი ბარიერი გადალახეს: „ქართულმა ოცნებამ“ 48.23 % მიიღო, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ“ – 27.17 %; „ევროპულმა საქართველომ“ –3.79 %; „ლელომ“ – 3.15 %; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3.15 %; „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.14 %; „გირჩმა“ – 2.89 %; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ – 1.33 %; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1 %.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]