weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

სახალხო დამცველი მთავრობას, საარჩევნო ადმინისტრაციებს, ოპოზიციას და მოსახლეობას მიმართავს

12:05 პარასკევი, 06 ნოემბერი 2020

საქართველოს სახალხო დამცველი ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს. სახალხო დამცველის შეფასებით, ბოლო პერიოდში ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იმატებს კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი, ხოლო გაზრდილი მობილობა ზრდის ინფიცირების რისკებს და ამძიმებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატს არაერთი პირი მიმართავს, რომელიც აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ იღებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. სახალხო დამცველის შეფასებით, გართულებულია კოვიდ 19-ის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობაც.

„უკანასკნელ დღეებში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ მედიაში ვრცელდება ცნობები სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით.

წლებია საქართველოს სახალხო დამცველი საუბრობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მწვავე გამოწვევებზე. ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, ქვეყანაში ყოველთვის იდგა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის სიმცირის საკითხი. ეს უკანასკნელი კი შესაძლოა, სერიოზულ ბარიერად იქცეს მიმდინარე კრიზისის მართვის პროცესში. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ხშირია და იმატებს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები.

ჯანდაცვის სექტორში შექმნილი ურთულესი ვითარების პარალელურად, ქვეყანაში ძალიან გაზრდილია მოსახლეობის მობილობა. განსაკუთრებით საგულისხმოა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვისა და სხვადასხვა საარჩევნო უბნის შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციები, რა დროსაც ვერ ხერხდება სოციალური დისტანციის და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა. აღნიშნული ცხადია, კიდევ უფრო ზრდის ინფიცირების რისკებს და ამძიმებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები სამედიცინო სექტორზე გაზრდილი დატვირთვის რაციონალური გადანაწილებისა და შემცირებისთვის, რათა სამედიცინო პერსონალს მიეცეს შესაძლებლობა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს როგორც დაინფიცირებულ პაციენტებს, ასევე სხვა მოწყვლად ჯგუფებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების ტემპის შენელების მიზნით, უზრუნველყოს უკვე დადგენილი ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტური აღსრულება.

საარჩევნო ადმინისტრაციებს:

სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, დროულად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული დასაბუთებული საჩივრები და უზრუნველყონ სადაო საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციების გარეთ მიმდინარე მწვავე საპროტესტო აქციებს და შესაბამისად მოსახლეობის მობილობას.

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს:

შექმნილი ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპროტესტო აქციების ორგანიზების პროცესში უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესის და შეზღუდვის განუხრელად დაცვა, რაც შეამცირებს ზიანს ადამიანების ჯამრთელობისა და სიცოცხლის მიმართ.

მოსახლეობას:

განუხრელად შეასრულონ ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდება კარანტინს და თვითიზოლაციას; ასევე, პირბადით სწორად სარგებლობას (მათ შორის, უკვე ღია სივრცეებში), ჰიგიენური წესების და სოციალური დისტანციის დაცვას.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც თბილისშია – 1044 შემთხვევა, იმერეთში – 526, აჭარაში – 503, ქვემო ქართლში – 207, შიდა ქართლში – 177, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 117, გურიაში – 89, მცხეთა-მთიანეთში – 43, კახეთში – 36, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8. ბოლო დღე ღამეში, აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში 22 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]