weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტთან პოლიციამ „სირცხვილიას“ აქტივისტები დააკავა

22:52 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020

მოძრაობა „სირცხვილიას“ განცხადებით, სამართალდამცველებმა მოძრაობის სამი დამფუძნებელი: ლექსო მაჭავარიანი, გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე დააკავეს.

ლექსო მაჭავარიანი აქციის ადგილზე შეშის მიტანას ცდილობდა, რისი უფლებაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ არ მისცა. მაჭავარიანსა და სირაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მაჭავარიანი დააკავეს. 

„გადაგტეხავთ შუაზე, გადაგტეხავთ შუაზე ამ ხელისუფლებას“, – როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ამ სიტყვებს მოჰყვა ლექსო მაჭავარიანის დაკავება.

ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიციას აქვს გამოცდილება, როდესაც შეშა სამართალდამცავების მიმართ ძალადობისთვის გამოიყენეს. მისივე თქმით, ცეცხლის დანთებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას, როგორც აქციის მონაწილეებს, ისე პოლიციელებს.

„არსებობს კანონი, შეკრების და მანიფესტაციის შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ პოლიციას უფლება აქვს, შეზღუდოს იმ ნივთის შეტანა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიციელის თუ ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელიც დააზიანებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. შესაბამისად, მე განვუმარტე მათ, რომ შეუძლიათ მოიტანონ ელექტრო საშუალებები და გათბნენ.

რაც შეეხება ბატონ მაჭავარიანს, პირადად მე, არაერთხელ განვუმარტე ის, რაც მოგახსენეთ, ასევე, პოლიციელები მოუწოდებდნენ მას, რომ დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. მან საჯაროდ განაცხადა, რომ არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და ასევე, შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა ჩვენს მიმართ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განმარტებით, ლექსო მაჭავარიანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციიის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ 22:00 საათიდან ძალაში შევიდა მთავრობის მიერ ქალაქში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები აქციას „დაუმორჩილებლობა“ მართავენ და პარლამენტთან ყოფნას მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, თბილისსა და 6 დიდ ქალაქში შეიზღუდა როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. რეგულაციის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2000-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 000-ლარიანი. როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, შეზღუდვის მოხსნის საკითხი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]