აქციის მონაწილეებს მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ და თქვა, რომ აქციები გაგრძელდება.
„თუ რეჟიმს რაიმესი ეშინია და ცახცახებს ეს არის რუსთაველის გამზირი, ეს არის ხალხი. ეს ორი პროცესი – ერთი მხრივ, მშვიდობიანი მანიფესტაციები, საპროტესტო აქციები და მეორე მხრივ, მოლაპარაკება თქვენი სახელით – ერთი პროცესია, მაგრამ
უახლოეს დღეებში ჩვენ დავრწმუნდებით, რომ რეჟიმი საკუთარ თავს არ დაიმარცხებს საკუთარი ნებით. ამაში დარწმუნდება ყველა ელჩი და ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი.
ამის შემდეგ, ძალიან მშვიდობიანად, ერთ მშვენიერ დღეს, ეს გამზირი და თავისუფლების მოედანი გაივსება პატრიოტებით და არ დაიშლებიან, სანამ ეს ადამიანები რეჟიმიდან არ წამოვლენ და სახლებში არ წავლენ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
დღევანდელ საპროტესტო აქციას წინ უძღოდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელიც ამერიკის საელჩოში, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შუამავლობით შეგდა.
31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და „ტოტალურ გაყალბებაზე“ საუბრობენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე.