weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – შსს

12:50 პარასკევი, 20 ნოემბერი 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავენ.

საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომ მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს სისხლის სამართლის დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“, – განაცხადა საბანაძემ.

შსს მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობის იდეა 15 ნოემბერს, ბათუმში გამართულ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ვარშალომიძემ გააჟღერა. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის კორიდორი“ მოეწყოთ.

მოგვიანებით, ვარშალომიძის მოწოდებას მისივე თანაპარტიელების ნაწილი გაემიჯნა. მაგალითად, სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც სხვის ამომრჩეველს პატივს არ სცემენ, ნდობას ვერ დაიმსახურებენ, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით კი, „სირცხვილის კორიდორი“ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის უნდა მოეწყოს, რომლებიც არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩართული.

გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა თქვა, რომ „კლასიკური გაგებით სირცხვილის დერეფანი არ განიხილება, რადგან ამომრჩეველზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]