weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ნამოხვანჰესის საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის – ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი

17:06 ორშაბათი, 23 ნოემბერი 2020

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს განცხადებით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ხმა წინა ხელისუფლების დროს უნდა ამოეღოთ, როდესაც მიწა გაიყიდა.

„ნამოხვანის ჰესის საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ასეა. მე შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც წინა ხელისუფლების დროს ეს მიწა გაიყიდა და პროექტი დამტკიცდა, მაშინ უნდა ამოეღოთ ხმა, მაგრამ მაშინ ეს ბიჭები ციხეში აღმოჩნდებოდნენ დღეს რომ თავისუფლად დადიან“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ნამოხვანის ჰესების კასკადი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის პროექტია, რომელიც მდინარე რიონზე ორი ჰესის მშენებლობას მოიცავს. რიონის ხეობის მაცხოვრებლები მას სხვადასხვა გზით ეწინააღმდეგებიან: პროექტის განხორციელების შეწყვეტის, რიონის ხეობიდან კომპანია „ენკა რინიუებლზის“ გასვლისა და ტექნიკა გაყვანის მოთხოვნით აქციები იმართება. პარალელურად, 30-ე დღეა აქტივისტები კაშხლის მშენებლობის ადგილას იმყოფებიან და ღამეებს კარვებში ათევენ.

14 ნოემბერს გამართული აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეებმა იმავე დღეს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიმართეს და მასთან შეხვედრა ითხოვეს.

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამოხვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება.

ქვედა ნამოხვანი ჰესის (იგივეა რაც ნამოხვანი-ჟონეთის) სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ. ჰესის მთლიანი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო წყალსაცავის კუდი ხვდება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქორენიშსა და ორხვიში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქულ კომპანიას შპს „ენკა რინიუებლზი“ 2020 წლის 28 თებერვალს მისცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება - მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე. 2019 წლის 22 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის ავტორები ის კომპანიები არიან, რომელთა მიერ შეფასებული და აშენებული შუახევი ჰესის გვირაბი გახსნიდან ორ თვეში ჩამოინგრა. 

დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი დაახლოებით 170-ჯერ ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი, ვიდრე მოხდა რაჭაში 1991 წელს; ტერიტორიების დატბორვის შედეგად ლეჩხუმში მოსალოდნელია კლიმატის შეცვლა, რის გამოც, შესაძლოა, ყველაზე ძვირფასი ქართული ჯიშის ვაზის ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დავკარგოთ.

 

ამ თემაზე წაიკითხეთ:

რიონის ხეობის დარაჯები

რატომ ითხოვს „მწვანე ალტერნატივა“ ნამახვანის ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გაუქმებას

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]