weather cur horoscope tv
იანვარი 19, 2021

სუს-მა „ვასამბეკ ბოკოვს“ ბრალი დაუმძიმა, გიორგი გაბუნიას კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება

16:09 პარასკევი, 27 ნოემბერი 2020 hits 364
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 13 ივნისს ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი სინამდვილეში მაგომედ გუციევია, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. სუს-ის განცხადებით, მას ბრალი დაუმძიმდა.

„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - მაგომედ გუციევი, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

აღნიშნული პირი სისტემატურად ახორციელებდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას“,
– აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.

დღეს, 27 ნოემბერს, მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება), 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) გათვალისწინებული ქმედებებისათვის.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება გრძელდება.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 15 ივნისს განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღით ადრე დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც ერთი წლის წინ, „რუსთავი 2“-ზე მუშაობის პერიოდში, გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინება გახდა. მისივე თქმით, ამ საქმეზე გამოძიება უკრაინის ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს შეუტყობინებლად.

გვარამიას ამ განცხადების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეკ ბოკოვის დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვასა და გამოყენებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]