weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

31 წლის ქალის გარდაცვალებაში ოჯახი სამშობიაროს ექიმებს ადანაშაულებს

13:35 პარასკევი, 04 დეკემბერი 2020

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის რუსუდან კოკობინაძის ოჯახი სამშობიარო სახლის ექიმებს უყურადღებობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

ქალი კლინიკა „მედინაში“ გუშინ გარდაიცვალა. როგორც კლინიკის დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა ჯუმბერ უნგიაძემ განაცხადა, მას საკეისრო კვეთა 25 ნოემბერს, ბათუმის სამშობიარო სახლში ჩაუტარდა, 27 ნოემბერს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და „მედინაში“ გადაიყვანეს. „მედინაში“ ჩატარებული კვლევის შედეგად ქალს პნევმონია და ფილტვის 23-პროცენტიანი დაზიანება დაუდგინდა.

„ერთი კვირა იქ იწვა. თურმე ოფლში იწურებოდა, ფეხზე ვერ დგებოდა, სიცხეები ჰქონდა, ყელი გადაეკეტა. დირექტორთან მქონდა საუბარი და მეუბნებოდა, რომ კარგად იყო და ხვალ კიდევ უკეთესობა იქნებაო. გატყუებენ, დედიკო, ღამით ექთანი ერთხელ არ შემოდისო - მითხრა. ბატონი უნგიაძეც მათ აბრალებს. ბერჯერ შემხვდა და ბევრჯერ მითხრა, თქვენი შვილის მკურნალობა იმ სამშობიარომ დააგვიანაო“, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველთან“ გარდაცვლილის დედამ.

ტელეარხმა ასევე გაავრცელა 31 წლის ქალის მიერ ოჯახის წევრებისთვის გაგზავნილი შეტყობინებები, სადაც ის წერდა, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ, უყვიროდნენ. „გაგუდული დაგხვდებით“, – იკითხება ერთ-ერთი შეტყობინებიდან.

დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ 31 წლის ქალის გარდაცვალების საქმეს აუდიტის ჯგუფი სწავლობს.

გაბუნიას თქმით, გარდაცვალება უკავშირდება ფილტვის დაზიანებას და ქალს თანმხლები დაავადებები ან რაიმე სხვა მიზეზი, რასაც შესაძლოა გამოეწვია მდგომარეობის გართულება, არ ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა შემთხვევას სწავლობს, აუდიტის ჯგუფი მუშაობს სპეციალურად ამ მიზნებისთვის. რეგულირების სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის გარდაცვალების ყველა შემთხვევას და ასევე აუდიტის ჯგუფი შეისწავლის საყურადღებო შემთხვევებს, როგორიც არის კონკრეტული შემთხვევა.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხდება გარდაცვალება, მხედველობაში მაქვს ორსულობა. ყველა დედის დანაკარგი დიდი ტრაგედიაა.

ის ინფორმაცია, რომელიც დღეს კლინიკიდან გვაქვს მიუთითებს, რომ ეტაპები, რომელიც გაიარა პაციენტმა პროტოკოლით გათვალისწინებული ეტაპებია. უფრო ჩაღრმავებულ ანალიზს, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ მიმოწერას, მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება და მას დადასტურება სჭირდება.

„ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო არის იმისთვის, რომ პრევენციულად სრულიად გამორიცხულია ასეთი ტიპის, შეუფერებელი დამოკიდებულება პაციენტთან და ძალიან ბევრი, სხვადასხვა ტიპის მონიტორინგი ტარდება საავადმყოფოებში იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ იყოს. რა თქმა უნდა, ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება აუცილებლად ექვემდებარება გადამოწმებას და ამაზეც სამინისტროს აქვს რეაგირების მექანიზმი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]