„თუ ყველა, 95%, შინ და გარეთ ვატარებთ, მუდმივად გვექნება პირბადე, მომავალ ორ-სამ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა განახევრდება. მოდით, შევთანხმდეთ საზოგადოება და ექიმები, რომ ვატაროთ სულ ყველამ ყველგან პირბადე, დავიცვათ ეს მარტივი რეკომენდაცია და გაძლევთ პირობას, რომ განახევრდება ორ-სამ კვირაში ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში. განახევრდება ეს არის 5 ათასიდან რომ ჩამოხვალ 2500-ზე. 2500-დან რომ ჩამოხვიდე ათასზე, 700-ზე გჭირდება ეს შემზღუდველი ღონისძიებები. არასდროს მითქვამს, რომ მხოლოდ პირბადე აკეთებს საქმეს. ერთდროულად რამოდენიმე მიმართულებაა - შემზღუდველი ღონისძებები, პიბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური ჯანდაცვა, ტესტირება. სანამ ვაქცინა იქნება, ეს არის ჩვენი იარაღი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ახალი შემთხვევების ნახტომისებრი ზრდა აღარ არის.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ 4734 შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 4673. რამდენიმე დღეა ქვეყანაში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 178 953 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 148 332 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1657 ადამიანი.