weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებაში ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს

22:47 ორშაბათი, 21 დეკემბერი 2020

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებაში, იძულებასა და ფულის გამოძალვაში ბრალდებულები – ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000 – 5000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა. 

საქართველოს პროკურატურიდან, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მივიღეთ ინფორმაცია - პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა თუ ეს მოთხოვნა ადვოკატმა დააყენა და პროკურატურა დათანხმდა. პროკურატურას დღის პირველ ნახევარში მივმართეთ, პასუხის გაცემას საღამოსთვის დაგვპირდნენ, დღის ბოლოს კი გვითხრეს, რომ ინფორმაციას ხვალ მოგვაწვდიან. პანკისის სათემო რადიოს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ბრალდებულების ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრალდებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, პანკისში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის ძირითადად ბრალდებულთა ახლობლები იყვნენ, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და „ქართული ოცნებიდან“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდნენ. მერი და მაჟორიტარობის კანდიდატი მათ თანადგომას დაპირდნენ.

წინასაარჩევნო პერიოდში ბრალდებულთა ახლობლები, ერთ-ერთი ბრალდებულის ძმის, ვახტანგ ფარეულიძის ხელმძღვანელობით, აქტიურად მუშაობდნენ პანკისის მოსახლეობასთან, რომ ხეობაში ირაკლი ქადაგიშვილს გაემარჯვა. ვახტანგ ფარეულიძე სალაფიტური ისლამის თემის ერთ-ერთი ლიდერი და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია. კენჭისყრის დღეს, მისი გარემოცვის წევრები საარჩევნო უბნებთან იყვნენ მობილიზებული და ამომრჩევლებს ქადაგიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ. არჩევნების პირველივე ტურში, პანკისის 5 უბნიდან 4 „ოცნების“ კანდიდატმა მოიგო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე ოთხი პირი სექტემბერში დააკავა. დაკავებულთაგან სამი – 26 წლის ბაქარ ფარეულიძე, 26 წლის ისლამ დუიშვილი და 22 წლის ზელიმხან აჭიშვილი პანკისის მცხოვრებლები არიან.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ისლამ დუიშვილის მართვის ქვეშ არსებული, „LEXUS GX“-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს „CZ“-ის მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაქარ ფარეულიძე ვახტანგ ფარეულიძის ძმაა. ვახტან ფარეულიძის პირადი დაცვის წევრია მეორე ბრალდებული – ისლამ დუიშვილი. ფარეულიძის რესტორნების ქსელშია (ნასიმი) დასაქმებული და მათი მეგობარია მესამე ბრალდებული - ზელიმხან აჭიშვილი.

ბრალდებულთა ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებდა, რომ „ადგილი არ ჰქონია არცერთ დანაშაულს, რასაც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ედავებიან“.

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 1-ელ თებერვალს, 11:00 საათზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლეს პანკიში მცხოვრები ისლამ ფარეულიძე, რომელიც დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული. ისლამ ფარეულიძე კიდევ ორ პირთან ერთად, 8 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში თავს დაესხა გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს იმის გამო, რომ წელაურს შორტები ეცვა. თავდასხმის შედეგად მამა-შვილმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს, გელა წელაურს ძვლის მოტეხილობა ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]