როგორც გამყრელიძე ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, იანვრის ბოლოსთვის კორონავირუსის ახალი შემთხვევა ხუთი ათასი იყოს.
„ჰელსმეტრიკის ანუ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის რეკომენდაციებით, თუ ჩვენ დაახლოებით ამ ტიპის შეზღუდვებს, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს, გავაგრძელებთ იანვრის ბოლომდე, იანვრის ბოლოსთვის 1571 ყოველდღიური შემთხვევა გვექნება. ეს შემთხვევების რაოდენობა იქნება, რასაც იჭერს სისტემა და რასაც ვერ იჭერს. რასაც დაიჭერს იქნება 800-900, რასაც – ვერ დაიჭერს იქნება დაახლოებით 600-700, ანუ სულ გვექნება სადღაც 1571, თუ ამ ტიპის შეზღუდვები ქვეყანაში გაგრძელდა. მაგრამ თუ შეზღუდვები მოვუშვით, მაშინ შესაძლოა, მაჩვენებლები იანვრის ბოლოსთვის 5 ათასზე ავიდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-ზეა ასული, რაც წინგადადგმული ნაბიჯია.
„თუ ავედით 95%-ზე, მაშინ იანვრის ბოლოს, ყოველდღიური მაჩვენებელი, რასაც სისტემა დაიჭერს და ვერ დაიჭერს, იქნება 728-ის ფარგლებში, ხოლო რასაც დაიჭერს, ანუ რასაც აღმოვაჩენთ, იქნება დაახლოებით 400-500-ის ფარგლებში. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი სიტუაციის დამშვიდებისკენ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 4769 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსი 538 ადამიანს დაუდასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2766 პაციენტი, ხოლო 41 – გარდაიცვალა.