როგორც მენაბდიშვილის სახაზინო ადვოკატმა ქეთევან გაგოევამ განაცხადა, ბრალდებულმა ბრალდების შესახებ დადგენილება დახია და დაცვაზე უარს აცხადებს. გაგოევას ინფორმაციით, დაკავებულის ფსიქრო-ემოციურ მდგომარეობა მძიმეა და მას ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გიორგი მენაბდიშვილი ორი დღის წინ კასპში, ერთ-ერთ საწარმოში შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი ადამიანი მძევლად აიყვანა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მენაბდიშვილის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცველებს მისთვის ავტომანქანა მიეყვანათ, რომლითაც რუსეთში წასვლას აპირებდა.
როგორც ვალდიმერ ბორცვაძემ განაცხადა, გიორგი მენაბდიშვილი შსს-ს ყოფილი თანამშრომელია და პოლიციის რიგები 2018 წელს დატოვა. მისივე ინფორმაციით, საწარმოში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე მენაბდიშვილმა პოლიციას განცხადებით მიმართა, რის საფუძველზეც მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გიორგი მენაბდიშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მამაკაცს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. მათვე თქმით, მან კასპის პოლიციას არაერთხელ მიმართა, თუმცა მიმართვას რეაგირება არ მოყოლია.
მენაბდიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით არის დაკავებული, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 14 წლამდე პატიმრობით ისჯება.