weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა კარავი აიღო და ერთი ადამიანი დააკავა

21:50 შაბათი, 30 იანვარი 2021

სოფელ ჟონეთში ნამოხვანის ჰესების კასკადის მოწინააღმდეგეები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, ხოლო კარავი, სადაც ისინი 96 ღამის განმავლობაში აფარებდნენ თავს, აიღო. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ერთი მოქალაქეც დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ადგილობრივი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებელმა კომპანია „ენკამ“, რამდენიმეთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, დღეს დილიდან სამუშაოები განაახლა. ამისთვის ხეობაში დიდი რაოდენობით სამართალდამცველების მობილიზაცია მოხდა.

პოლიციის წარმომადგენლებმა ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებს უთხრეს, რომ კარავი კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე ჰქონდათ განთავსებული და მესაკუთრე მის აღებას ითხოვდა.

დილითვე, პოლიციის დახმარებით შლაგბაუმი დაიდგა იმ ადგილისკენ მისასვლელ გზაზე, სადაც კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი და სადაც გასული წლის ოქტომბრის ბოლოს მოქალაქეებმა ჯვარის აღმართვა შეძლეს. ნამოხვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებს დღეს სამართალდამცველებმა ჯვართან მისვლის საშუალება არ მისცეს იმავე საბაბით, რომ ის ინვესტორის კუთვნილ ტერიტორიაზეა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ჯვრის დემონტაჟიც იგეგმება.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პროექტი ყოველთვის იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან და ინვესტორმა კომპანიამ საქმიანობა სრულიად კანონიერად განაახლა.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ნაწილს სოფელ ჟონეთში, ინვესტორი კომპანიის ბაზასთან, 2020 წლის 25 ოქტომბრიდან მორიგეობა ჰქონდა დაწესებული და ღამეს კარავში ათევდა. ისინი კვლავ ითხოვენ, რომ კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, ტექნიკა სრულად გაიყვანოს და პროექტის განხორციელებაზე უარი ითქვას.

ნამოხვანის ჰესების კასკადის შესახებ

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამოხვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება.

ქვედა ნამოხვანი ჰესის (იგივეა რაც ნამოხვანი-ჟონეთის) სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ. ჰესის მთლიანი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო წყალსაცავის კუდი ხვდება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქორენიშსა და ორხვიში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქულ კომპანიას შპს „ენკა რინიუებლზი“ 2020 წლის 28 თებერვალს მისცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება - მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე. 2019 წლის 22 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის ავტორები ის კომპანიები არიან, რომელთა მიერ შეფასებული და აშენებული შუახევი ჰესის გვირაბი გახსნიდან ორ თვეში ჩამოინგრა.

დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი დაახლოებით 170-ჯერ ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი, ვიდრე მოხდა რაჭაში 1991 წელს; ტერიტორიების დატბორვის შედეგად ლეჩხუმში მოსალოდნელია კლიმატის შეცვლა, რის გამოც, შესაძლოა, ყველაზე ძვირფასი ქართული ჯიშის ვაზის ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დავკარგოთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]