weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

20:35 კვირა, 07 თებერვალი 2021
ფოტო © მწვანე ალტერნატივა ფოტო © მწვანე ალტერნატივა

რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებს, რომლებიც ას დღეზე მეტია ჰესების მშენებლობას უწყვეტ რეჟიმში, ღია ცის ქვეშ აპროტესტებენ, დღეს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ოთხი მოთხოვნით მიმართეს: გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება, რომლითაც რიონის ხეობის მიწები ინვესტორ კომპანიას, შპს „ენკა რინიუებლზს“ გადასცა; მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა და მასზე დაფუძნებული დოკუმენტები; ინვესტორმა კომპანიამ დატოვოს ხეობა.

აქციის მონაწილეებმა სოფელ ნამოხვანში გაშალეს კარავი, რომელიც სამ თვეზე მეტი სოფელ ჟონეთში ჰქონდათ გაშლილი, 30 იანვარს კი პოლიციამ აიღო.

ხეობაში დილიდან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ისინი ხეობისკენ მიმავალ ავტომობილებსაც ამოწმებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ავტომობილიდან ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორედან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“ ამოიღეს. როგორც შსს აცხადებს, მფლობელებს ჩამორთმეულ იარაღს აქციის შემდეგ დაუბრუნებენ.

რიონის ხეობის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებს 97 დღის განმავლობაში სოფელ ჟონეთში კარავი ჰქონდათ გაშლილი და უწყვეტად მორიგეობდნენ, რათა კომპანიას კაშხლის მშენებლობისთვის სამუშაოები არ განეახლებინა. 30 იანვარს, პოლიციამ აქტივისტებს კარვის აღება და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა იმ საბაბით, რომ ტერიტორია ინვესტორის საკუთრება იყო. პოლიციელებმა კარავი თავად დაშალეს და აქციის მონაწილეები გააძევეს. მოგვიანებით, აიღეს მოქალაქეებისა და სასულიერო პირების მიერ 2020 წლის 29 ოქტომბერს, კაშხლის მშენებლობის ადგილას აღმართული ჯვარიც.

როგორ გაირკვა,  საქართველოს მთავრობას ინვესტორი კომპანიისთვის რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი ფართობი 99 წლით აქვს გადაცემული. განკარგულების მიხედვით, ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში შპს „ენკა რინიუებლზს“ გადაეცა 5 763 023 კვ.მ ფართობი (576.3 ჰექტარი), მათ შორის 1 981 220 კვ.მ (198.12 ჰექტარი) ტყე. კომპანიამ, 99 წლის განმავლობაში, წლიურად მხოლოდ 16 ლარი უნდა გადაიხადოს ამ ფართობით სარგებლობის სანაცვლოდ.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ინვესტორ კომპანიას რიონის ხეობაში გადაეცა მხოლოდ და მხოლოდ ის მიწა, სადაც ჰიდრონაგებობები განთავსდება.

„ეს არის საკმაოდ გრძელი გვირაბი, ეს არის დიდი ტევადობის წყალსაცავი, შენობა, სადაც აგრეგატები განთავსდება, სადერივაციო გვირაბი. ამას დიდი მიწა სჭირდება, მაგრამ არა მთლიანად ხეობა. გარდა ამისა, მათ ეს გადაეცათ არა უფასოდ, როგორც ვიღაცები ამბობენ, არამედ 800 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ. მათ უკვე 30 მილიონ ლარამდე გადაიხადეს კომპენსაციების სახით და აუნაზღაურეს ეს კომპენსაციები სწორედ ადგილობრივ მოსახლეობას, 280-მდე ოჯახს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნამოხვანჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გაუქმების მოთხოვნით ერთი წლის წინ სასამართლოსაც მიმართეს. სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია.

 

ნამოხვანის ჰესების კასკადის შესახებ

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამოხვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება.

ქვედა ნამოხვანი ჰესის (იგივეა რაც ნამოხვანი-ჟონეთის) სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ. ჰესის მთლიანი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო წყალსაცავის კუდი ხვდება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქორენიშსა და ორხვიში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქულ კომპანიას შპს „ენკა რინიუებლზი“ 2020 წლის 28 თებერვალს მისცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება - მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე. 2019 წლის 22 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის ავტორები ის კომპანიები არიან, რომელთა მიერ შეფასებული და აშენებული შუახევი ჰესის გვირაბი გახსნიდან ორ თვეში ჩამოინგრა.

დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი დაახლოებით 170-ჯერ ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი, ვიდრე მოხდა რაჭაში 1991 წელს; ტერიტორიების დატბორვის შედეგად ლეჩხუმში მოსალოდნელია კლიმატის შეცვლა, რის გამოც, შესაძლოა, ყველაზე ძვირფასი ქართული ჯიშის ვაზის ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დავკარგოთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]